LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილების აღზრდა საკუთარი თავის გაცნობიერებით იწყება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

108
სოფო-მოსიაშვილი

შვილების აღზრდა საკუთარი თავის გაცნობიერებით იწყება – ამის შესახებ გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა სოფო მოსიაშვილმა ისაუბრა.

როგორ უნდა გააცნობიეროს მშობელმა, რომ შვილები ჩვენი შემოქმედება არ არის?

ბავშვები ჩვენი სხეულის გავლით ჩნდებიან, მაგრამ ისინი ჩვენი შემოქმედება არ არიან. აღზრდის პროცესში ეს ხშირად გვავიწყდება. ზოგჯერ თვალსაც კი ვხუჭავთ იმაზე, რომ თითოეული ბავშვი მოდის საკუთარი ცოდნებით, ღირებულებებით, ტემპითა და გზით. ჩასახვის მომენტიდან ბავშვს აქვს უამრავი „მარცვალი“ – პოტენციური შესაძლებლობები. პოტენციალიდან რეალიზაციამდე გრძელი გზაა და ამ გზაზე ჩვენ ვირჩევთ, რა აღზრდის სტილს ავიღებთ. 

თუ ავტორიტარულ მიდგომას ვირჩევთ, ხშირად გვგონია, რომ ბავშვი ცარიელია და ჩვენ უნდა შევავსოთ, თითქოს ჩვენი მოვალეობაა მასზე ჩვენი ნება მოვახვიოთ და ჩვენი წარმოდგენით „კარგ ადამიანად“ ჩამოვაყალიბოთ. მაგრამ ეს ილუზიაა. ბავშვს ჩვენ არ ვქმნით. ჩვენ მხოლოდ ვეხმარებით იმას, რაც უკვე არის მასში. სწორედ აქ იწყება აღზრდის ტრაგედია. საბედნიეროდ, არსებობდნენ ადამიანები, ვინც სხვაგვარად ფიქრობდნენ.

მაგალითად, იანუშ კორჩაკი – პოლონელი ექიმი და პედაგოგი, რომელიც ამბობდა, რომ ბავშვის სიყვარული მხოლოდ სითბო არ არის, ეს არის პასუხისმგებლობა, პატივისცემა და თანაგრძნობა. მისი აზრით, ბავშვი არ არის შედეგი, რომელიც უნდა გამოვიყვანოთ, ის საკუთარი სამყაროს მქონე პიროვნებაა და მას უნდა მოვუსმინოთ, ვენდოთ და აღვიქვათ სრულფასოვან ადამიანად. იგივე ხაზს ავლებს დიმიტრი უზნაძე თავის ნაშრომში აღზრდის ტრაგედია, სადაც ამბობს, რომ ტრაგედია იწყება მაშინ, როცა აღმზრდელი ცდილობს ბავშვს გარედან შეუქმნას მიზნები და თვისებები, მაშინ როცა ბავშვი საკუთარი შინაგანი მისწრაფებით ვითარდება. აღმზრდელი მიზნებს გარედან აყალიბებს, ბავშვი კი შიდა განწყობებით რეაგირებს. აქ ჩნდება მთავარი კითხვები: რა უნდა ბავშვს ბუნებრივად და რას სთხოვს გარემო.

როგორ მივხვდეთ, რომ აღზრდის არასწორი მოდელი ავირჩიეთ?

აღზრდის მიზნები ხშირად გარედან მოდის. საზოგადოება ადგენს სტანდარტებს – როგორი უნდა იყოს „კარგი ადამიანი“, „წესიერი მოქალაქე“, „კარგი მოსწავლე“, და ჩვენ საუკეთესო განზრახვით ვცდილობთ ბავშვი ამ სტანდარტებს მოვარგოთ. მაგრამ ეს მიზნები ყოველთვის არ ემთხვევა ბავშვის შინაგან მოწოდებას. ბავშვი არ ვითარდება იმის მიხედვით, თუ რა უნდა გახდეს, ის ვითარდება იმის მიხედვით, თუ ვინ არის.

აქედან მოდის კონფლიქტი: ბავშვი ცხოვრობს შინაგანი კანონებით, ჩვენ კი გარეგანი წესებითა და დაგეგმილი სცენარებით.

ხშირად გვგონია, თუ სწორად ვასწავლი, ასეთი გამოვა, თუ მკაცრად აღვზრდი, ასეთი გახდება.

მაგრამ ბავშვი არ არის პროექტი, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ. ის თვითგანვითარებადი სისტემაა. ზედმეტი ზეწოლა არ ქმნის მოთხოვნილ თვისებებს, ის ქმნის ფორმალურ მორჩილებას, შიშს და შიდა დაპირისპირებას. ამიტომ მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ ბავშვის შინაგანი ბუნება: მისი რეალური პოტენციალი,სურვილები, შესაძლებლობები, ტემპი და რიტმი, ენერგეტიკა, ინდივიდუალობა, არჩევანის თავისუფლების საჭიროება და უსაფრთხო გარემოში ყოფნის მნიშვნელობა.

აღზრდის შედეგი თითქმის არასოდეს ემთხვევა ჩვენს მოლოდინებს. შეიძლება ასწავლო წესრიგი და მიიღო შიში, ასწავლო თავდაჯერება და მიიღო კონფლიქტურობა, ასწავლო მორჩილება და ჩაუკლა თვითგამოხატვა. ბავშვი ჩვენგან მიღებულ ინფორმაციას თავისი შინაგანი ბუნების მიხედვით გარდაქმნის.

აღზრდა არ არის ბრძანება, აღზრდა არის თანხმობა და მხარდაჭერა. ბავშვის მიზანი არ არის სხვისი იდეალის განსახიერება, მისი გზა არის გააღვიძოს ის, რაც უკვე აქვს შიგნით.

ხშირად უთანხმოება ქცევიდან არ იწყება, ის იწყება ხედვიდან. როგორც უზნაძე წერს, ტრაგედია იწყება იქ, სადაც ჩვენი წარმოდგენით „კარგს“ ვახვევთ ბავშვს თავს.

ჩვენ გვინდა დავიცვათ, მოვამზადოთ, გავუმარტივოთ ცხოვრება, მაგრამ ჩვენ მომავალს ვუყურებთ, ბავშვი კი აწმყოში ცხოვრობს. ჩვენ ვფიქრობთ, როგორი იქნება ათი წლის შემდეგ, ის ფიქრობს, ახლა რა ხდება. ჩვენ სხვადასხვა ფანჯრიდან ვიყურებით და პირველი გაუგებრობაც აქ ჩნდება. დასაწყისში ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებთ. ვაცმევთ, ვალაგებთ, ვეხმარებით ისე, რომ საბოლოოდ მის ნაცვლად ვაკეთებთ. იმიტომ, რომ ასე სწრაფია, ასე კომფორტულია, ასე სწორად გვგონია. მაგრამ ყველა უნარს თავისი დრო აქვს.

თუ ბავშვს არ მივცემთ სივრცეს შეცდეს, სცადოს და მოუხერხებლად გააკეთოს, მოგვიანებით გაგვიკვირდება, რატომ არ არის დამოუკიდებელი, და შეიძლება გავბრაზდეთ კიდეც იმაზე, რაც ოდესღაც თავად გადავწყვიტეთ მის ნაცვლად. ძალიან მნიშვნელოვანია ასაკის შესაბამისი პასუხისმგებლობა, არც ზედმეტი და არც ნაკლები. როცა ბავშვს მის ასაკზე მეტს მოვთხოვთ, მისი თვითშეფასება ეცემა, როცა ნაკლებს მოვთხოვთ, მისი უნარები არ ყალიბდება. თუ დავაკვირდებით, მაგალითად, რესტორანში ბავშვს, რომელიც დარბის, სკამზე ტრიალებს და დანა-ჩანგალს აჯახუნებს, ხშირად ვამბობთ, დაჯექი მშვიდად, ნუ დარბიხარ. მაგრამ პატარა ბავშვის ნერვული სისტემა მოძრაობას ითხოვს და თვითკონტროლი ეტაპობრივად ყალიბდება, ის არ არის დაბადებიდან მზა უნარი. ხშირად ჩვენი შენიშვნები ბავშვის განვითარებიდან კი არა, ჩვენი სოციალური კომფორტიდან მოდის.

როცა მშობელი ამას აცნობიერებს, რაღაც ძირეული იცვლება. ის ფხიზლდება და სხვანაირად იწყებს ყურებას, პირველ რიგში საკუთარ თავს ეხმარება. დეტალები აღარ აღიზიანებს ისე მძაფრად, რეაქცია ნელდება და შეტევა პასუხად აღარ მოდის. როცა მშობელი რეგულირდება, ბავშვიც რეგულირდება. სიმშვიდე გადამდებია და თანაგანცდაც გადამდებია. ხშირად პრობლემა ბავშვის ქცევა კი არ არის, ჩვენი აჩქარებული მოლოდინებია. და როცა ხედვა იცვლება, ურთიერთობაც იცვლება. ჩვენი მეხსიერება პირველ რიგში ემოციებს ინახავს. შეიძლება დეტალები დაგვავიწყდეს, მაგრამ შეგრძნება გვრჩება – რამ გვატკინა, რამ გაგვახარა, რამ შეგვაშინა. ამიტომ შვილებთან ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის ემოციური კვალია, რომელსაც მათში ვტოვებთ.

რამდენად სჭირდება ბავშვს ემოციური კავშირი?

ბავშვს სჭირდება ემოციური კავშირი და მხარდაჭერა, მისი პერსპექტივის დანახვა და არა მხოლოდ ქცევის შეფასება. მნიშვნელოვანია ვკითხოთ საკუთარ თავს, რისთვის ვზრდით შვილს – გარეგანი წარმატებისთვის თუ შინაგანი სიმტკიცისთვის, რადგან ადამიანს სტატუსი კი არა, თანაგრძნობა, პასუხისმგებლობა და ზრუნვა ქმნის. ცოდნა თავისთავად იშვიათად ცვლის ადამიანს; ცვლილება იწყება ქცევიდან. ბავშვობის გამოცდილებები ღრმად ილექება და ტრავმა, რომელიც ხშირად უხილავია, გავლენას ახდენს თვითშეფასებასა და ურთიერთობებზე. როცა ბავშვს აზრს არ ეკითხებიან, ზრდასრულობაში შეიძლება მუდმივად გრძნობდეს, რომ არ უსმენენ, რადგან არ უსწავლია საკუთარი პოზიციის გამოხატვა.

მნიშვნელოვანია ის შინაგანი ტექსტი, რომლითაც ვცხოვრობთ. ჩვენი განწყობა ბავშვებზეც გადადის. მათთვის გადამწყვეტია არა მხოლოდ ფიზიკური ზრუნვა, არამედ ემოციური ყოფნა – ხშირად გვახსოვს არა რა გააკეთეს ჩვენთვის, არამედ როგორ ვგრძნობდით თავს მათ გვერდით. ბავშვობის გამოცდილებები ზრდასრულობაშიც აგრძელებს მოქმედებას:

უყურადღებობა ტოვებს მიტოვების შიშს, კრიტიკა ართულებს საკუთარი ღირებულების განცდას, ქაოსი აჩენს კონტროლის სურვილს, ხოლო ემოციების

აკრძალვა – მათი გამოხატვის სირთულეს.

ბავშვები ყოველთვის გრძნობენ ჩვენს მდგომარეობას. ამიტომ შვილების აღზრდა საკუთარი თავის გაცნობიერებით იწყება. 

magti 5g