LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილის თანდასწრებით ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ დეტექტივს პატიმრობა შეუფარდეს

152
shss-politsia.jpeg

კრიმინალური პოლიციის დეტექტივს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლზე ძალადობასა და მუქარაშია ბრალდებული, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის გაზაფხულზე, – სურამში, დეტექტივი ნიკა ნოზაძე ცოლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შუბლზე ცეცხლსასროლი იარაღი მიადო და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა დეტექტივმა, – როდესაც ცოლი მასთან ერთად ცხოვრობდა, – არაერთხელ იძალადა მასზე ფიზიკურად და არაერთხელ დაემუქრა, – არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.

„[ცოლს] ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა, ერთ შემთხვევაში ტანსაცმელიც შემოახია. დაზიანებებზე მოწმეები – დაზარალებულის დედა და შვილიც ადასტურებენ. აღწერენ იმასაც, როგორ მოსდიოდა სისხლი დაზიანებიდან“, – თქვა დღეს სასამართლოში საქმის პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ.

დეტექტივს რამდენიმე ბრალდება აქვს წარდგენილი. კერძოდ, ოჯახში ძალადობა, – რაც ორ წლამდე პატიმრობას ან 80-150 საათით საზოგადოებრივ შრომას ითვალისწინებს; ოჯახში ძალადობა დამამძიმებელი გარემოებით, – „არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ“, – რაც 200-დან 400 საათამდე საზოგადოებრივი შრომით ან 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს; მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, – რაც 170-დან 200 საათამდე შრომით, 2 წლამდე „გამასწორებელი სამუშაოთი“ ან 3 წლამდე პატიმრობით ისჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g