რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ გია სურამელაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი სიმღერა „ჩემთვის ყველაფერი ხარ“ წარუდგინა. მომღერალმა საკუთარ შემოქმედებაზე, კარიერაზე და პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა.
გია, წასული იყავი ამერიკაში, მოგვიყევი, როგორ ჩაიარა მოგზაურობამ?
6 თვე ვიყავი ამერიკაში, ძალიან წარმატებულად. მქონდა პატარ-პატარა კონცერტები, ასევე 3 დიდი კონცერტი. დანარჩენი დავისვენე.
საოცარი პუბლიკა დამხვდა ამერიკაში, მონატრებული ადამიანები. ჩემი ახალგაზრდობა, ჩემი კონცერტები, ყველაფერი ძალიან კარგად რომ ახსოვთ. იყო ძალიან ბევრი ცრემლი, ძალიან ბევრი მოგონება, ლექსების მოძღვნა…
შენს წასვლამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს, სამუდამოდ, საცხოვრებლად მიდიოდი ამერიკაში.
არა, სულ არ წავსულვარ, მაგრამ არ არის გამორიცხული, სხვა ქვეყანაში წავიდე და იქ დავრჩე.
შეძლებ სხვაგან ცხოვრებას?
არ ვიცი, ეს მაბრკოლებს, თორემ აქამდეც წავიდოდი სხვაგან საცხოვრებლად. ძალიან კარგ პირობებში ვცხოვრობდი ამერიკაში, მაგრამ ჩემი სახლის ფასი სხვაა, ჩემი ქვეყნის ფასი სხვაა… უფრო მეტად წარმოვიდგინე, როგორ განცდებში არიან ჩვენი ემიგრანტები, როგორი რთულია მათთვის ყოველი დღე.
მახსოვს, დღეში 3-4 კონცერტს მართავდი „ფილარმონიაში“, ახლა რატომ არ ხდება ასე?
არ ვიცი, სხვათა შორის, ახლა მქონდა დაგეგმილი საიუბილეო საღამო „ფილარმონიაში“, მაგრამ ცოტა დაძაბულობა რომ იყო ქვეყანაში, შევჩერდი.
არის ლაპარაკი ჩემი ვარსკვლავის გახსნაზე. ბევრი ადამიანი გაბრაზებულია და სწყინს, რატომ არ ხსნიან შენს ვარსკვლავსო. საწყენი არაფერია, ეს ჩემი სიზარმაცის გამოა. 2 წელია მიდის ლაპარაკი, მაგრამ ამას მომზადება, რეპერტუარის შედგენა სჭირდება და ჯერჯერობით, ამისთვის მზად არ ვარ.
აუცილებლად უნდა გკითხო სიყვარულზე…
მყავს შეყვარებული, არ ვიცი, საიდან გავარდა ხმები, რომ გარდაიცვალა. სხვა ქვეყანაში ცხოვრობს.
რამდენი ხანია, რაც შენს ცხოვრებაშია ეს ადამიანი?
ახალია.
ხშირად ჩხუბობთ ხოლმე?
კი.
რომელი სიმღერა უყვარს ყველაზე მეტად შენი რეპერტუარიდან?
მთავარია, მე ვუყვარვარ… სიმღერაც ყველა უყვარს.
ვისაუბროთ შენს ახალ სიმღერაზე „ჩემთვის ყველაფერი ხარ“.
ეს სიმღერა ყველა შეყვარებულს ეძღვნება. იცით, ალბათ, რომ მე ყოველთვის სიყვარულზე ვმღერი. სანამ ამერიკაში წავიდოდი, ნოდარ ნიკოლაიშვილმა მაჩუქა 2 სიმღერა. ძალიან კარგი, ტკბილი სიმღერაა, ძველ სიყვარულს, განვლილ დროს, ცხოვრების ლამაზ დეტალებს რომ გაგვახსენებს და დაგვაფიქრებს. ცოტა სევდანარევი სიმღერაა, მაგრამ ხანდახან გავიხსენოთ ის ადამიანები, ვინც აღარ არიან ჩვენს ცხოვრებაში, შემთხვევით არ იყვნენ ჩვენს ცხოვრებაში, ესე იგი, აუცილებელი იყო და მოვიდნენ, ყველამ თავისი გარკვეული კვალი დატოვა. სიმღერა მარიკა ქაცარავას სტუდიაში ჩაიწერა.
ასევე, მადლობა ყველას, რომ ძალიან მოთხოვნადია ჩემი წინა სიმღერა „მითხარ, რა გინდა“.
გია, ახლახან შენი დაბადების დღე იყო, როგორ აღნიშნე? ალბათ, განსაკუთრებულად გიყვარს ეს დღე.
ჩვეულებრივად… ჩვეულებრივი დღეა. მე არცერთი დღესასწაული არ მიყვარს, ჩემთვის ყველა დღე, ჩვეულებრივია. დღესასწაული მაშინაა, როცა კარგად, ჯანმრთელად, ბედნიერად ვარ.
გია სურამელაშვილი – ჩემთვის ყველაფერი ხარ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გია სურამელაშვილი. პრემიერა გადაცემაში „რადიო დუეტი“