სირია ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება სირიის ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა სამერ ალ-ხალილმა გააკეთა.
„ვფიქრობ, შევძლებთ გავაგრძელოთ თანამშრომლობა აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ ეკონომიკური შეთანხმებების ფარგლებში, რათა საბაჟო გაფორმების საკითხები გადავწყვიტოთ. ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით სწორი გზების მონახვა, რათა ჩვენს ბაზრებზე სწრაფად შევსულიყავით.
თანამშრომლობის შესაძლებლობები ძალიან დიდია, თუმცა თავდაპირველად, ბუნებრივია, არსებობს გარკვეული სირთულეები, რომლებიც უნდა გადავლახოთ, მათ შორის გადახდების, საბაჟო საკითხების დარეგულირება და ა.შ.“ – განაცხადა სირიის ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა.
ანექსირებულ ყირიმში მიმდინარე იალტის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას, საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იღებს.
ბიბილოვის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი სირიასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განვითარებით არის დაინტერესებული და დამასკოში საელჩოს გახსნას გეგმავს.
ცნობისთვის, სირიის მთავრობამ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად 2018 წლის მაისში აღიარა.