LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიული მედიის ცნობით, სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ აღიარა

60

სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ აღიარა – ამის შესახებ ინფორმაციას სირიული მედია ავრცელებს. სირიის სამთავრობო გამოცემა SANA-ს ინფორმაციით, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მხარეებმა ურთიერთაღიარების ხელშეკრულება გააფორმეს.

ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარების“ საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა. დიპლომატიური ურთიერთობები საელჩოების გახსნის დონეზე დამყარდება,“ – ნათქვამია სირიის საგარეო უწყების განცხადებაში.

როგორც ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, სირიისა და „სამხრეთ ოსეთის“ ერთმანეთის აღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილება დღეიდან შედის ძალაში.

თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ „აფხაზეთსა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება დაიდო“.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ სირიის ხელისუფლების ამ ნაბიჯს და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით განვითარდება. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დროში სირიაში მშვიდობა დამყარდება და მისი ხალხი მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდება,“ – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას 2018 წლის ბოლომდე კიდევ ერთი სახელმწიფო აპირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები