LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სისხლძარღვთა დაავადებები და მათი მკურნალობის მეთოდები – ირაკლი ძაძუა გადაცემაში „პულსი“

576
ირაკლი-ძაძუა

28 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკის „ახალი სიცოცხლის“ სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ძაძუა სტუმრობდა, რომელმაც სისხლძარღვთა დაავადებებსა და მათი მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა.

– ბატონო ირაკლი, რა სიმპტომების მიანიშნებს სისხლძარღვთა დაავადებებზე?

– სისხლძარღვთა დაავადებები ორ ჯგუფად – არტერიული და ვენური სისტემის დაავადებებად იყოფა, რომელთაც განსხვავებული სიმპტომები ახასიათებთ. არტერიებზე მეტწილად ათეროსკლეროზული დაზიანებები ჩნდება, რაც ჯერ სისხლძარღვების შევიწროებას, მერე თრომბოზს იწვევს. ირღვევა ორგანოების, კიდურების, ქსოვილების სისხლით მომარაგება და დატვირთვის შემთხვევაში სწორედ იქ ჩნდება ჩივილები. მაგალითად, დატვირთვისას ქვედა კიდურებს ბევრად მეტი სისხლი სჭირდება, თუმცა შევიწროებული სისხლძარღვები ვერ უზრუნველყოფენ მათ მიწოდებას და იწყება ტკივილები, ხშირია ტერფების გაცივების ან დაბუჟების შემთხვევებიც. ნაწლავის არტერიების შევიწროებისას ადამიანს საკვების მიღების შემდეგ ეწყება ტკივილი მუცლის არეში, თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროება კი, თავბრუსხვევას, ყურებში შუილს ან გონების დაკარგავს იწვევს. პირიქითაა ვენური სისტემის დაავადებებისას, რადგან ამ შემთხვევაში სისხლძარღვები ფართოვდება, სპეციალური სარქველები კი ვეღარ იჭერს სისხლს, რაც ქვედა კიდურებში ნორმაზე მეტი სისხლის შეგუბების და შეშუპების მიზეზი ხდება.

– ვენურ დაავადებებს ცხელი სეზონიც პროვოცირებს, ამიტომ პაციენტებიც უფრო ინტენსიურად მოგმართავენ. საინტერესო, რა იწვევს ზაფხულის თვეებში დაავადების გამწვავებას?

– მართალია, ქრონიკული ვენური უკმარისობის შემთხვევაში პაციენტს მუდმივად აწუხებს ტკივილები, მაგრამ ზამთრის სეზონზე მაინც ნაკლებად მიმართავს ექიმს, ზაფხულში კი, როცა ტემპერატურა მატულობს, დაავადება მწვავდება, ტკივილი გაუსაძლისი ხდება და მომართვიანობაც ერთი-ორად იზრდება.

– დაავადების დიაგნოსტირების რა მეთოდებით სარგებლობთ თქვენს კლინიკაში?

– ჩვენს კლინიკაში დიაგნოსტიკის ყველა ის თანამედროვე მეთოდი გამოიყენება, რაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია. სხვადასხვა დაავადებას განსხვავებული სტანდარტის კვლევის ჩატარება სჭირდება, რომელთაც ჩვენი კლინიკა სრულად უზრუნველყოფს.

– რა მეთოდებს იყენებთ დაავადების სამკურნალოდ და რა შემთხვევაში ხდება საჭირო ოპერაციული ჩარევა?

– მაგალითისთვის შეგვიძლია ქრონიკული ვენური დაავადება განვიხილოთ. პაციენტის ანამნეზის შეკრების შემდეგ და ქვედა კიდურების დუპლექს სკანირების შემდეგ, რომელიც კვლევის ოქროს სტანდარტადაა მიჩნეული, ვენების დიამეტრის და სარქველების მდგომარეობის გათვალისწინებით მუშავდება მკურნალობის ტაქტიკა. ოპერაციული მკურნალობა მცირე ინვაზიური ჩარევით ხორციელდება, რადგან ვარიკოზული დაავადებების შემთხვევაში ღია ოპერაცია ძალიან იშვიათად გამოიყენება. 

– რას გულისხმობს ლაზერული აბლაცია და რა უპირატესობით სარგებლობს ამგვარი მეთოდი?

– რა თქმა უნდა, ლაზერული აბლაცია ბევრად კომფორტულია პაციენტისთვის, რადგან ღია ოპერაციის დროს ვენის ამოგლეჯა მთელ კიდურზე სისხლჩაქცევებს იწვევს, დიდხანს გრძელდება რეაბილიტაცია, პაციენტი კი, მთელი 2-3 კვირა ვერ ახერხებს ნორმალურად სიარულს, ლაზერულ აბლაციის შემთხვევაში კი, საერთოდ არ სჭირდება პაციენტს რეაბილიტაციის გავლა, რადგან ოპერაციის დღესვე ეწერება კლინიკიდან. არსებობს სხვა მცირე ინვაზიური მეთოდებიც. ჩვენს კლინიკაში სწორედ მე ჩავატარე საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა ე.წ. წებოთერაპია ანუ ვენების წებოთი დახშობის პროცედურა, თუმცა კვლევებმა ამგვარი მეთოდის ნაკლები ეფექტურობა დაადასტურა, ამიტომ ლაზერული აბლაციის მიმართულებით განვითარება გადავწყვიტეთ. შევიძინეთ უახლესი აპარატურა და წარმატებით ვახორციელებთ ოპერაციებს.

– რამდენად აუცილებელია კლინიკისთვის თანამედროვე აპარატურა საქმის სრულყოფილად შესრულებისთვის?

– მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს აპარატურაც შესაბამისი სჭირდება. ჩვენი კლინიკა მართლაც ბრწყინვალედაა აღჭურვილი, რადგან ნებისმიერი ზომის ვენაზე შეგვიძლია ლაზერული აბლაციის გაკეთება. გარდა ამისა, ივლისის თვეში „ახალი სიცოცხლე“ ანგიოგრაფიის უახლესი – მე-6 თაობის აპარატით აღიჭურვება, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში. სწორედ ამ აპარატით იქნება შესაძლებელი არტერიებზე სტენტირება და ანევრიზმებზე ოპერაციების ჩატარება. რა თქმა უნდა, მედიცინაში და განსაკუთრებით სისხლძარღვთა ქირურგიაში სწორედ აპარატურას ენიჭება გადამწყვეტი როლი, ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელობას და ადმინისტრაციას, რომელიც ყოველთვის იზიარებს ჩვენს მოთხოვნებს და სრულად უზრუნველყოფს კლინიკას საჭირო აპარატურით.

– რა ფუნქციური უპირატესობით სარგებლობს ბოლო თაობის აპარატურა წინასთან შედარებით?

– ტექნოლოგიების განვითარება ყოველთვის ხარვეზების გამოსწორებას გულისხმობს, შესაბამისად, ყოველი შემდგომი თაობა წინაზე დახვეწილი და ბევრად უკეთესია.

– რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა სასიკეთო შედეგის მისაღებად?

– ნებისმიერ დაავადებას დროული დიაგნოსტიკა სჭირდება. ჩვენს შემთხვევაში რაც უფრო ადრე აღმოვაჩენთ დაავადებას, მით უფრო მარტივად შევძლებთ მის მკურნალობას და ეფექტური შედეგის მიღებას. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჯანმრთელი სისხლძარღვების შესანარჩუნებლად აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, რაც მავნე ჩვევებზე უარის თქმას, ჯანსაღ კვებას და ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები