LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სჯობს იმოქმედოთ, ვიდრე მერე ინანოთ, რომ არ გააკეთეთ“ – ბიზნესმენის ისტორია

6716
biznesman201023

რუბრიკაში „ბიზნესმენის ისტორია“ წარმოგიდგენთ „მალას გარდენის“ დამფუძნებლის  გოგიტა მაჭავარიანის ამბავს.

ბიზნესის დაწყება…

ჩვენი უბანი თელავში ერთ-ერთი ძველი უბანია, საოცარი სამეზობლო და სამეგობრო მყავს. ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ჩვენს ოჯახში ქართული სუფრისა და ქეიფის ძალიან დიდი ტრადიციაა, ჩვენც მეგობრები მუდმივად ვიკრიბებოდით ჩემთან ეზოში. საოცარ ადგილზეა ჩემი სახლი, ერეკლეს სასახლის გვერდზე, ეზოდან ალაზნის ველის ხედი იშლება.

80-იან წლებში რესტორნების დიდი არჩევანი არ იყო და ბევრჯერ მიფიქრია რომ შესაძლებლობა რომ მქონოდა ჩემი სახლის ეზოში გავაკეთებდი ლამაზ რესტორანს, ისეთს სადაც ადამიანებს ოჯახურ გარემოს დავახვედრებდი, სადაც გაუხარდებოდათ მოსვლა, დახვდებოდათ გემრიელი კერძები, სასიამოვნო მუსიკა და რაც მთავარია სიყვარულით სავსე, მეგობრული გარემო. მიყვარს, როცა შემიძლია ადამიანებს ვასიამოვნო, მათზე ვიზრუნო და გავულამაზო ცხოვრება. მგონი ეს ჩემი მოწოდებაა.

იმ პერიოდში ვერც ვიფიქრებდი, რომ ჩემი ფიქრები ოდესმე რეალობად იქცეოდა. 2011 წელს ჩამოვედი ავღანეთიდან, სადაც 6 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ჩამოვედი იმისთვის, რომ მუშაობა დამეწყო ერთ-ერთ ორგანიზაციაში, წინასწარ შეთანხმებული ვიყავი, თუმცა ჩამოსვლის შემდეგ ჩემი გეგმები მოულოდნელად შეიცვალა, უარი მითხრეს სამსახურზე და დავრჩი უმუშევარი.

სწორედ მაშინ სერიოზულად დავიწყე ფიქრი და მუშაობა რესტორნის გახსნაზე. ორი წელი ჯერ ჩემით ვარემონტებდი სარდაფის ოთახებს, ეზოს, მერე სესხიც ავიღე, გავრისკე და ჩემი სახლის ეზოში რესტორანი გავხსენი.

თავიდან ძალიან ვღელავდი, როგორ გამომივიდოდა ეს საქმე, თვითონ კერძების მომზადება მეხერხება, ვიცი კიდევ სამზარეულოში რა როგორ უნდა გააკეთო, თუმცა რესტორანი საკმაოდ რთული სამართავია. ამის გამოციდილება არ მქონდა, ასევე გარემო უნდა მომეწყო, არც საკმარისი ფინანსები იყო. ბევრი რამე ამ ეზოში ჩემი ხელით გავაკეთე, ვათვალიერებდი სხვადასხვა საიტებს, მქონდა ხედვა, თუმცა ეს რეალობად როგორ მექცია ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი, დასაწყისში და დღესაც ჩემი მეგობრები მეხმარებიან. მე ძალიან იღბლიანი ვარ, საოცარი სამეგობრო მყავს, წარმატებული ადამიანები არიან. გოგა, რომელმაც საოცარი ლოპოტა შექმნა ჩემი ბავშვობის მეგობარია, სწორედ მან ძალიან ბევრი რამ ამიხსნა და მასწავლა რა როგორ უნდა გემეკეთებინა.

დღესაც ბევრ რამეს ვსწავლობ, ახლა რომ მახსენდება ჩემი თავი საქმის დაწყებისას მიკვირს როგორ გავრისკე, თუმცა როცა ძალიან გინდა საქმის კეთება, თან გიყვარს ეს საქმე, თან შრომა არ გეზარება მაშინ სამყაროც გეხმარება და გაძლევს ძალას და საქმეც გამოგდის. ჩემს რესტორანში ვარ მომმარაგებელიც, მენეჯერიც, ხელმძღვანელიც, ხშირად მემწვადეც და დამლაგებელიც, თუ გინდა საქმე, რომ გამოვიდეს უკან არ უნდა დაიხიო, ყველაფრის კეთებისთვის მზად უნდა იყო.

სირთულეები…

ერთ-ერთი დიდი სირთულე  საქმის კეთებისას გუნდი შეკვრაა, იპოვო ადამიანები, რომლებიც საქმეს ერთგულად მოეკიდებიან, იზრუნებენ ხარისხზე და პასუხისმგებლობით შეასრულებენ საქმეს საკმაოდ რთულია, თუმცა შეუძლებელი არაფერია. დღეს უკვე მყავს ესეთი გუნდი, საოცარი ადამიანები, ჩემნაირად ზრუნავენ რესტორნის პრესტიჟზე, გვერდში მიდგანან და ერთად ვაკეთებთ საქმეს.

მახსოვს პირველი დიდი დაკვეთა როდის მივიღეთ, 2 დღის გახსნილები ვიყავით. საოცრად ვღელავდით, დაგვირეკეს და ტელეფონით შეგვიკვეთეს სერიოზული სუფრა,  ყველა ჩავერთეთ სუფრის მომზადებაში და მოუთმენლად ველოდით სტუმრებს. დათქმულ დროს ჩემი მეგობარი გოგა შემოვიდა რესტორანში, ცოტა ხანში სხვებიც მოვიდნენ და აღმოჩნდა, რომ ეს დაკვეთა გოგას გაუკეთებია. შეგვამოწმა, საოცრად კარგი საღამო გამოგვივიდა, არ დამავიწყდება ეს დღე. იმ დღეს მივხვდი რომ მუშაობა შეგვეძლო, რწმენა იმისა, რომ საქმე გამომივა გამიძლიერდა. ჩემი პირველი სერიოზული დაკვეთა ჩემმა მეგობარმა გააკეთა და ამით ძალიან გამაძლიერა.

დღეს გვყავს ჩვენი კლიენტები, აქტიურად ვმუშაობთ, ხშირად გვაქვს ცოცხალი მუსიკა, ადამიანებს უყვართ ჩვენთან მოსვლა და ჩვენც ყველანაირად ვცლიდობთ ვასიამოვნოთ.

რჩევები…

რას ვურჩევდი სხვებს? ალბათ იყვნენ თამამები, არ შეშინდნენ, არ გაჩერდნენ, ყველაფერი გააკეთონ თავიანთი სურვილებისა და მიზნის მისაღწევად, სჯობს იმოქმედოთ, ვიდრე მერე ინანოთ, რომ არ გააკეთეთ. თან იცოდეთ, მეგობრები ყოველთვის გვერით დაგიდგებიან, ყოველთვის აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც რჩევებს, ცოდნას,  მხარდაჭერას არ დაიშურებენ. გჯეროდეთ და აუცილებლად გამოგივათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g