მურა დათვების პოპულაციის შესასწავლად სლოვაკეთის ხელისუფლება მათი დნმ-ის მასშტაბურ კვლევას ჩაატარებს. 10 ათასი ბიოლოგი, ფერმერი და მონადირე ტყეებსა და ეროვნულ პარკებში შეაგროვებს დათვების ექსკრემენტების და ბეწვის ნიმუშებს, რათა გენეტიკური ანალიზის საფუძველზე ცხოველების რაოდენობა დაადგინონ. სამუშაოში ჩაერთვებიან სლოვაკეთის წამყვანი უნივერსიტეტებიც, წერს portail technique.
კვლევის ავტორი სლოვაკეთის ბუნების დაცვის სახელმწიფო სააგენტოა. თითოეული მოხალისე უწყებისგან მიიღებს კომპლექტს, რომელიც მოიცავს სპირტიან ამპულას, ერთჯერად ხელთათმანებს, ნიმუშების მარკირებისთვის სპეციალურ ეტიკეტს და ქაღალდის კონვერტებს. ასევე, სასწავლო ვიდეო მასალას პროცედურის აღწერით.
გენეტიკოსები ფიქრობენ, რომ შედეგებს ნიმუშების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ წარადგენენ.
საინტერესოა, რომ 1932 წელს, როდესაც სლოვაკეთში მურა დათვების ეროვნული დაცვის პროგრამა დაამტკიცეს, პოპულაცია მხოლოდ 30-40 ერთეულს ითვლიდა. საგანგაშო ვითარების გამო დათვებზე ნადირობა აიკრძალა.
ამჟამად ქვეყანაში დათვების რაოდენობა, სხვადასხვა შეფასებით, 800-დან 2000 ინდივიდამდე მერყეობს.