LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურ მუშაკს მოძალადე ოჯახის წევრისგან ბავშვის განცალკევების უფლება მიენიჭა

89

ძალადობის შემთხვევაში, სოციალურ მუშაკს ბავშვის მოძალადე ოჯახის წევრისგან განცალკევების უფლება მიენიჭა. ამის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის განცალკევებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა კი, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღემდე ვადით, ან გამოსასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.

იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივა 74-ხმით ერთხმად დაამტკიცეს. ცვლილებები ”ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში განხორციელდა.

პროექტის თანახმად, ბავშვის მოძალადე ოჯახის წევრისგან, კანონიერი წარმომადგენლისა თუ სხვა პირისგან განცალკევება უკიდურეს ზომას წარმოადგენს. ბავშვის განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, არასრულწლოვნის აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული, მისი ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით. ამასთან, 14 წელს მიღწეულ არასრულწლოვანს უფლება აქვს, საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების მიხედვით, მოძალადე სუბიექტად გვევლინება “სხვა პირი”-ც, რომელიც შესაძლოა არასრულწლოვნის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი არ იყოს, მაგრამ ბავშვზე ძალადობის სხვადასხვა ფორმას ახორციელებდეს.