თუ დამსაქმებელი კომპანია 2011 წლის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს, მეშხტეები გაფიცვას გააგრძელებენ, ამის შესახებ საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელმა, თამაზ დოლაბერიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კომპანიას ვალდებულება აქვს აღებული, რომლის მიხედვითაც მეშახტეებს ხელფასის 14.7%-იანი მატება უკვე ეკუთვნით.
„როგორ განვითარდება მოვლენები, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეასრულებს კომპანია თავის ვალდებულებებს. თუ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგება, გაფიცვა გაგრძელდება. იმედი მაქვს, ეს პროცესი არ შევა ჩიხში, წინააღმდეგ შემთხვევაში ტყიბულელ მეშახტეებს მხარდაჭერას გამოუცხადებენ სხვა ინდუსტრიულ ქალაქებში არსებული საწარმოს მუშები, რამაც, შესაძლოა, სოციალური აფეთქების სახე მიიღოს“ – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.
მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება დამსაქმებელ კომპანიას. საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი კომპანიას ურჩევს, შახტების კონსერვაციაზე არ იფიქროს და ათასი ადამიანის უმუშევრად დარჩენის საფრთხე არ შექმნას.
თამაზ დოლაბერიძემ იმ საკანონმდებლო ინიციატივაზეც ისაუბრა, რომლითაც საქართველოს პროფკავშირები პარლამენტს მიმართავენ და მეშხტეების საპენსიო ასაკის 55 წლამდე დაწევას მოითხოვენ.
„საქართველოს პროფკავშრები საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რათა მეშახტეებისა და მიწისქვეშა სამუშოებზე დასაქმებულებისთვის განსხვავებული საპენსიო სისტემა შემოიღონ და საპენსიო ასაკი 55 წლამდე დაწიონ“ – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.