არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ პროპაგანდისტული არხის „POSTV-ის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ორგანიზაციის განცხადება ტელეკომპანია „POSTV“- ის ჟურნალისტების შალვა რამიშვილის, ბაჩო ოდიშარიას, გური სულთანიშვილის, ნინო სალუქვაძის, ნუგზარ ხავთასის, ანა შანიძისა და დათა გვასალიას წინააღმდეგ დასაშვებად ცნო.
სადავოა 6 მედიაპროდუქტი, რომლებიც 2023 წლის 23, 25, 26 და 27 მარტს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის [„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“] პოზიციით, ტელეწამყვან ჟურნალისტების მხრიდან თათია სამხარაძის მიმართ კამპანიურად და გამიზნულად ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტური მასალები დისკრიმინაციულია გენდერული ნიშნით.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.