LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ნიჟარაძეს უშიშროების სამსახურმა მიაკითხა – „ამაზე ცინიკური რა შეიძლებოდა ყოფილიყო?“

34

სოფო ნიჟარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ ის კვლავ „მოინახულეს“ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა და ჩააბარეს ახალი უწყება. როგორც ჩანს, სამსახური აპირებს, ბოლომდე გამოიძიოს, არის თუ არა ფარულ ჩანაწერში, რომელიც უკრაინულმა საიტმა გაავრცელა, ნამდვილად სოფო ნიჟარაძის ხმა. მომღერალმა განაცხადა, რომ მსგავსი საუბარი მიხეილ სააკაშვილთან არ ჰქონია. შეგახსენებთ, რომ სოფოსა და მიხეილ სააკაშვილს შორის სავარაუდო საუბრის ჩანაწერი მცირე ხნის წინ გავრცელდა, სადაც ოდესის გუბერნატორი მეგობარს საქართველოში სავარაუდო სისხლისღვრის შესახებ აფრთხილებს.

„დღეს, საღამოს 9 საათსა და 30 წუთზე გაისმა ზარი ჩემს კარებზე, გავაღე კარი და დამხვდა უშიშროების სამსახურის ორი წარმომადგენელი ახალი უწყებით ხელში, ხმის ნიმუშის ჩაბარებასთან დაკავშირებით. ამაზე ცინიკური რა შეიძლებოდა ყოფილიყო? სიმღერა ხომ ამიკრძალეს, ახლა თურმე ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც ჩემი ხმა აინტერესებთ, უშიშროების სამსახურია! შეგიძლიათ, ჩემს დისკებს მოუსმინოთ, ბატონებო, რთული არ იქნება შედარება, შეადარეთ, თან ხარისხიან მუსიკასაც მოისმენთ!“ – წერს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.

უცნობია, რას გულისხმობს იმაში, რომ სიმღერა აუკრძალეს და საინტერესოა, ვინ აუკრძალა სიმღერა სოფო ნიჟარაძეს. მის სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. რეჟისორი დავით იმედაშვილი უწერს, რომ კარგი იქნება, თუ მისი ხმის მოსასმენად გუგლს გამოიყენებენ. სხვა „ფეისბუქ“-მეგობრები კი უწერენ: „სმენა არა აქვთ, თორემ მათთვისაც კარგი იქნებოდა, მეოთხე წელია, ხალხის ხმას ვერ იგებენ“, „გადარჩენილხარ. შენი ქინძის დროს შემოგივარდებოდნენ, პერანგიანს გარბენინებდნენ და ერთ ადგილასაც ამოგაყოფინებდნენ თავს, თუ „თანამშრომლობას“ არ დათანხმდებოდი“, „იმედია, მალე შეადარებენ ხმებს და იტყვიან, რომ შეცდომაა“, „ისეთი მომღერალი, როგორიც სოფოა, საქართველოს არ ჰყოლია არასდროს და არც ან ვერც ეყოლება! დასცინეთ ყველას და მალე საქართველოში მარტო სურამელა შეგრჩებათ! ყველანი საცოდავები ხართ, ვინც სხვის პირად ცხოვრებას განიხილავთ“, „ქინძი რამ შეგაყვარა, მაგარი ხარ, რააა“, „მთავარია, ქმედება კანონის მოქმედების ფარგლებს არ სცილდებოდეს. თუ რა ფორმით იქნება გამოხატული ქმედება შესაბამისი ორგანოების პრეროგატივაა!!! ვისთვის ცინიკური, ვისთვის საქმის არსებითი!!!“, „ისე, ქინძი არ გენატრება?“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები