LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოხუმი გაქრა, ცეცხლის ალს აჰყვა ცაში… მწერლის ემოციური ბლოგი

565
beqa qurxuli

მწერალი ბექა ქურხული წიგნიდან „ღია კარის ქვეყანა“ „ფეისბუქზე“ ნაწყვეტს აქვეყნებს.

ნაწყვეტი სოხუმის დაცემის შესახებაა.

სოხუმი, ძველი ქართული ქალაქი, გაქრა. ოღონდ თავისი დიდი წინაპრის, დიოსკურიისგან განსხვავებით, ზღვში არ ჩაძირულა, ცეცხლის ალს აჰყვა ცაში.

იმის დასასაბუთებლად, რომ სოხუმი ქართული ქალაქია, ისტორიულ არქივებში ჩაძრომას და მემატიანეების მოხმობას, არ ვაპირებ, არ შეგეშინდეთ, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები საკმარისზე მეტია, მაგრამ ახლა ამაში არ არის საქმე…მთავარი ის არის, რომ სოხუმი ამავე დროს რა თქმა უნდა ძველი, აფხაზური ქალაქია, ისევე როგორც ამ კუთხის მკვიდრი შერვაშიძეები, ანჩაბაძეები, აფაქიძეები, ემხვარები, მარღანიები, ჩქოტუები, მარშანიები, ინალ-ფები, გურგულიები, ძველი ქართული და ძველი აფხაზური არისტოკრატული გვარების შთამომავლები არიან. 

ამ ქალაქს ბევრი რამ გადახდენია თავს. უნახავს ბიზანტიელიც და გენუელიც, თურქის ფაშაც და რუსული ხიშტიც, მუჯაჰირობის ცოდო-ბრალიც და ქალაქზე ზარბაზან დამიზნებული ბოლშევიკური კრეისერი „შმიდტიც“. ქალაქის თავი თოდრიაც, თავადი უჯუხ ემხაც და მისი აფხაზი ძიძიშვილის, ჰაკი აძბას თავგანწირვაც, მაგრამ ის რაც აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, სოხუმის იატორიაში გადამწყვეტი და საბედისწერო აღმოჩნდა. ამ დღეს ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთის ხოცვა დაიწყეს (მსგავსი რამ 1989 წლის ივლისშიც მოხდა რასაც ძლიან იშვიათად იხსენებენ და ვოვა ვეკუასა და სხვა ქართველი და აფხაზი ბიჭების სიკვდილით დამთავრდა, მაგრამ ეს მაინც შეტაკებაა და არა ომი). დაიწყო სისხლისმღვრელი, ხანგრძლივი და გამორჩეულად სასტიკი ომი, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, როდესაც ახლობელი ადამიანები დაერევიან ხოლმე ერთმანეთს…

სამოქალაქო ომი, ომი კი არა ავადმყოფობაა“, – დაწერა ანტუან დე სენტ-ეკზიუპერიმ ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, სადაც ბარსელონის რკინიგზის სადგურზე, კატალონიელმა ანარქისტებმა კინაღამ კაი გემრიელად მიახვრიტეს…

აფხაზეთის ომში ფრონტის ხაზი, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური და იდეოლოგიური თვალსაზრისით სწორედ სოხუმზე, გუმისთაზე გადიოდა. ეს ერთის მხრივ უდავოდ იყო რუსეთ – საქართველოს ომი აფხაზეთისთვის და მეორეს მხრივ, სამოქალაქო ომის და ძველი კავკასიური ვენდეტის უცნაური და კოშმარული ნაზავი, რომელმაც ორივე მხრიდან უამრავი სიცოცხლე შეიწირა. სოხუმი ჩვენი თაობის ტკივილის, იმედის, ღალატის, ბრძოლის, ჰეროიზმის, ორი ერის ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა.

სოხუმი გაქრა. სოხუმი, ღმერთმა სიკეთე მისცეს და ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც 1993 წლის 27 სექტემბრამდე, 1992 წლის 14 აგვისტომდე იყო. ჩემი ღრმა რწმენით აფხაზეთის და სოხუმის ტრაგედიის ათვლა სწორედ 14 აგვისტოდან უნდა დავიწყოთ და არა მხოლოდ იმიტომ რომ ომამდე მოსახლეობის 70 პროცენტი ქართველი იყო, ანუ, პროცენტულად უფრო მეტი ვიდრე თბილისის ქართველობა, არამედ სხვანაირი, არასაბჭოთა და ლამის ანტიკომუნისტური სილაღისა და ზღვისპირა ქალაქებისთვის დამახასიათებელი განუმეორებელი კოლორიტის გამო. უნიკალური აფხაზურ-ქართულ-რუსულ-ბერძნული სლენგით, თავისი „ვასიათი“, თავისი კაფე „ამრათი“, თავისი „სოხუმი – გოროდ ბეზ ფრაეროვ“ და გიჟი მარადონათი, რომელიც ტაფაზე კოვზით უკრავდა და უბერამდა: – „ია მარადონა, ია მარადონა, მარადონა ლუბიტ ჟენშჩინ“…

სოხუმი – ასეთი ქალაქი აღარასოდეს იარსებებს, როგორც დიოსკურია ვეღარ ამოვა შავი ზღვის ფსკერიდან.

27 სექტემბერს, ისევ 1992 წლის 14 აგვისტო და ერთი აფხაზის ნერვიული ყვირილი მაგონდება: – „ია, ვიტალიკ ჭანია, ზდეს ვსე მენია ზნაიუტ, ზაჩემ ეტა ვაისკა ზდეს, ზაჩემ ნამ სტრელიატ დრუგ ვ დრუგა…“ რატომღაც სულ ეს ვიტალიკა ჭანია მახსენდება და ასევე ძველი, სოხუმური სულელური ბლატნოი სიმღერის სიტყვები, რომელიც ახლა, ამდენი ომის, სისხლისა და უბედურების მერე ასეთი ნიშანდობლივი გახდა:

„ი, ხაჩუ ია კაკ ი პრეჟდე, ჟი ვ სუხუმი ბეზზაბოტნა!..“

სოხუმი გაქრა, მაგრამ თავისი წინაპარი დიოსკურიისგან განსხვავებით, ზღვის ტალღებმა კი არ ჩანთქა, ცეცხლის ალს აჰყვა ცაში… და როგორც დიოსკურია ვეღარ დააღწევს თავს შავი ზღვის ფსკერს…

თუმცა ვინ იცის!

აფხაზეთის ომში და სოხუმში ბევრი ძალიან მაგარი აფხაზი და ქართველი ბიჭი დაიღუპა. მე კი ვზივარ და ვწერ აქ რაღაცეებს!..

ეს კი საკმარისზე მეტია ძალიან მურტლად იგრძნოს თავი კაცმა !..“

ბექა ქურხულის წიგნში, საიდანაც ეს ნაწყვეტია თავმოყრილი ესეები, ბლოგები და წერილები საქართველოს უახლესი წარსულის გარდამტეხი, საბედისწერო მოვლენები. წიგნს სიმძაფრეს მატებს ის, რომ ავტორი ამ მოვლენების უშუალო მონაწილეა.

 

აფხაზეთს საქართველო აკლია – ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ომამდე და ომის შემდეგ (ექსკლუზივი სოხუმიდან)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g