თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
წარდგენილი ბრალის თანახმად, ბადრი ნ.-ს ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ასევე განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ და განზრახ მკვლელობა. მასვე, ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
საქმე ეხება, 2016 წლის სექტემბერში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც, ბრალდებულმა ბადრი ნ.-მ, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან, განახორციელა მრავლობითი გასროლა ავტომანქანის მიმართულებით. შედეგად, მარჯვენა სავარძელზე მჯდომი ზ. ჩ. დაიჭრა, ხოლო საჭესთან მჯდომი ს. ჯ. მრავლობითი, ცეცხლნასროლი ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.
ღია სასამართლო სხდომებზე, წარდგენილი ბრალი ბადრი ნ.-მ ნაწილობრივ აღიარა და არ დაეთანხმა ზ. ჩ.-ს მიმართ მკვლელობის განზრახვის ბრალდებას.
“სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად მიიჩნია ბადრი ნ.-ს მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტები. შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების, შთანთქმის პრინციპის გამოყენებითა და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 19 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში”, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.