ბუქარესტში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს, რათა გააძლიერონ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ისევე როგორც სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის წინაშე დგანან, როგორიცაა ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება განვიხილეთ, რაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა მთლიანად ნატო-სთვის. ასევე, განვიხილეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის შედეგად არსებული გამოწვევები. რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ ნატო აძლიერებს ყოფნას ბალტიიდან შავ ზღვამდე. ჩვენ განვათავსეთ ახალი საბრძოლო ჯგუფები, მათ შორის ისინი, რომელთაც საფრანგეთი ხელმძღვანელობს აქ, რუმინეთში. კანადური ავიაგამანადგურებლები ასევე გვეხმარებიან თქვენი ცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და აშშ-ის პეტრიოტის რაკეტები აძლიერებენ თქვენს თავდაცვას. ეს მკაფიო გზავნილია, რომ ნატო აქ არის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დავიცვათ ყველა მოკავშირე. ბუქარესტში ნატო საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს უკრაინის დახმარების გასაძლიერებლად, ისევე როგორც სხვა პარტნიორების, რომლებიც რუსულ ზეწოლას განიცდიან, როგორიცაა ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, 29 ნოემბერს ბუქარესტში ნატოს მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მიიღებს მონაწილეობას.
