სტრატეგიული ობიექტის გაჩერება არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი – ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი სანქციების გამო, “ბორჯომის” ქარხნის დროებით დახურვას.
“ბორჯომის ქარხნის გაჩერება არ არის მხოლოდ ბიზნესის და თუნდაც სოციალური პრობლემა. ადრეც მითქვამს, რომ ეს ბრენდი არის ქართული მატერიალური და არამატერიალური კულტურის განუყოფელი ნაწილი. შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტი და მისი გაჩერება არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, თავი რომ გავანებოთ მრავალმილიარდიან ზარალს, რაც ასწლოვანი ისტორიის განმავლობაში მოპოვებული აქტივის დაკარგვას უკავშირდება. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოხდეს საწარმოს ნაციონალიზაცია, რაზეც რამდენიმე თვის წინ მივმართე ხელისუფლებას და ყური არ შეიბერტყეს. შემდგომში შესაძლოა პრივატიზაცია, პოლიტიკურად დაზღვეულ პირობებზე,“- წერს გია ხუხაშვილი.
ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი შეჩერდა
შეგახსენებთ, კომპანია IDS ბორჯომი წარმოებას დროებით აჩერებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებების დაწყების, დღიდან, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.