LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Strategy Analytics-ის ექსპერტის შეფასებით, მაღალსიჩქარიან ტელეკომ მომსახურებებში ქართველ აბონენტებს პრემიუმ ფასის გადახდა უწევთ

128
komisia

კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით საქართველოში ჩატარებული სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითი კვლევის ავტორი და Strategy Analytics-ის კონკურენტული ფასების განყოფილების დირექტორი ჯოზი სეფტონი ჩატარებული ანალიზის შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მობილური და ფიქსირებული მომსახურებები კვლევაში შემავალი ევროპული ქვეყნების საშუალო ფასზე მნიშვნელოვნად ძვირია.

ჯოზი სეფტონმა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტისა და კომბინირებული შეთავაზებების ფასებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, სიჩქარის ზრდასთან ერთად, ფასები ძალიან მაღალი და შემზღუდველი ხდება:

„საქართველოში თითქმის ყველა მომხმარებელი დაბალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტით სარგებლობს. 100 მბ/წმ-იან და უფრო სწრაფ პაკეტებს კი აბონენტების ძალიან მცირე ნაწილი იყენებს“.

ექსპერტმა საქართველოში ინტერნეტის მოხმარების ზრდის ტენდენციებზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ როგორც ფიქსირებული, ისე მობილური ინტერნეტის მოხმარება გაზრდილია და ეს მაჩვენებელი, მომავალშიც გაიზრდება:

„ვინაიდან ადამიანები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ინტერნეტში ონლაინ მონაცემების, სერვისებისა თუ კონტენტთან წვდომის მიზნით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ მომსახურებების მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება“.

დასკვნის სახით, ჯოზი სეფტონმა საქართველოში სატელეკომუნიკაციო მომსახურებების მომხმარებლებისთვის არსებული მდგომარეობა შეაფასა:

„ვიდრე საქართველოში მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებებზე ფასები არ დაიწევს, აბონენტები იძულებულნი იქნებიან ისარგებლონ დაბალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებებით, რაც შემზღუდველია ან მოუწევთ გადაიხადონ პრემიუმ ფასები უფრო მაღალი სიჩქარისა და მოცულობის მისაღებად“.

რაც შეეხება დაბალი მოცულობისა და სიჩქარის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასებს, ექსპერტის განმარტებით, საქართველოში აღნიშნული შეთავაზებები ევროპული საშუალო ფასის ანალოგიური ან უფრო იაფია.

შეგახსენებთ, ფასების შედარებით ანალიზში გამოკვეთილი შედეგების გასაუმჯობესებლად კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რათა ქართველ მომხმარებლებს, ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, ხელმისაწვდომ ფასად შეეძლოთ მაღალი მოცულობისა და სიჩქარის ტელეკომ მომსახურებებით სარგებლობა.

magti 5g