„სუხიშვილების“ მომხიბვლელი მოცეკვავე, ქეთი ხადური ახლახან დაოჯახდა. მისი რჩეული გიორგი ხვისტანია. ქორწილიდან უამრავი კადრი გავრცელდა, სადაც ულამაზესი პატარძალი შესანიშნავად ცეკვავს. ქეთი fortuna.ge-ს უყვება, როგორია მისი სიყვარულის ამბავი…
ქეთი, გილოცავთ დაქორწინებას. მოგვიყევით თქვენი და თქვენი რჩეულის სიყვარულის ამბავი. როგორ შეხვდით ერთმანეთს, რამდენი ხანია, ერთად ხართ და როგორ მოგხიბლათ და მოხიბლეთ?
უღრმესი მადლობა!.. 2 წელია, ერთად ვართ და ერთმანეთი გავიცანით საერთო მეგობრების საშუალებით, თავიდან უბრალოდ მიმოწერით კომუნიკაცია გვქონდა, მაგრამ შემდგომ ეს ყველაფერი გადაიზარდა ურთიერთობაში.
როგორ გთხოვათ ხელი საყვარელმა მამაკაცმა?
ჩეხეთში ვიყავით სამოგზაუროდ, პრაღაში 25 დეკემბერს მთხოვა ხელი, სავახშმოდ წავედით მხოლოდ ჩვენ ორნი და ხელის თხოვნის შემდგომ მოვიდნენ სიურპრიზად ჩვენი მეგობრებიც…
როგორ დაგეგმეთ ქორწილი?
ქორწილის დაგეგმვის პროცესი როგორც სტრესული, ასევე სასიამოვნოა, სიხარულს ახლავს შფოთი და ნერვიულობა, აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ივენთკომპანია flowers ge-ს წევრებს,რომლებმაც ძალიან შემიმსუბუქეს საქმე და გამიმარტივეს ეს რთული პროცესი.
როგორ შეარჩიეთ კაბა ქორწილისთვის?
ვფიქრობ, ყველა პატარძალმა დაახლოებით იცის, როგორი კაბა უნდა ჩაიცვას ქორწილში, ვფიქრობ, თითოეულ გოგონას უფიქრია ერთხელ მაინც ამაზე, ჩემს შემთხვევაში სწორედ ასე იყო, ამიტომ არ გამჭირვებია არჩევანის გაკეთება.
რაც შეეხება რამდენიმე ლამაზი კაბის ვარიანტს, როცა Vera Wang ის კაბა ჩავიცვი, რომელიც ჩემი ქორწილის კადრებში ნახეთ, ვიგრძენი, რომ ზუსტად ეს იყო რასაც ვეძებდი, არ ვიცი, ალბათ, ვინმეს ჰქონია მსგავსი შემთხვევა და გამიგებს, რასაც ვგულისხმობ…
ქორწილიდან უამრავი ვიდეო ვიხილეთ, სადაც ცეკვავთ მარტო და მეგობრებთან ერთად. ალბათ, სტუმრები ძალიან კმაყოფილი იყვნენ ამ საკონცერტო პროგრამით…
დიახ, ძალიან ბევრი ვიდეო და ფოტო გავრცელდა და ჩემდა გასაკვირად იმაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე ველოდი. თითოეული სტუმარი ხომ გულით იყო დაპატიჟებული, მაგრამ მათ მიერ გამოხატულმა კმაყოფილების, მადლიერების შეგრძნებებმა უფრო მეტად გაგვახარა მეც და ჩემი ოჯახიც… ამხელა დაგეგმარების პროცესმა რომ შედეგი გამოიღო და დაგვიფასდა, ეგეც ძალიან სასიამოვნოა.
თავად თქვენთვის ყველაზე მეტად ქორწილის რომელი ეპიზოდი აღმოჩნდა ემოციური?
თითოეული მომენტი, რა თქმა უნდა, წარუშლელია მეხსიერებიდან, მაგრამ ჩემთვის და ჩემი მეუღლისათვის ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი ცეკვა „ქართულის” შესრულება იყო, მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავე ვარ 16 წელია, ძალიან ვნერვიულობდი და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ამ ცეკვის მიმართ.
თაფლობის თვის გატარებას სად გეგმავთ?
რაც შეეხება თაფლობის თვეს, გვინდა გავატაროთ რომელიმე კუნძულზე და დაახლოებით ნოემბრისთვის ვფიქრობთ წასვლას… რამდენიმე ვარიანტი გვაქვს და ჯერ კიდევ არ ვართ ჩამოყალიბებულები. თუ თვალს მადევნებთ, აუცილებლად გაგიზიარებთ ფოტოებსა თუ ვიდეოებს…