LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამედროვე მეთოდის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ოპერაციების 80 % სტერნოტომიის გარეშე ჩატარება – კარდიოქირურგი ზაზა კაციტაძე მცირე ინვაზიურ კარდიოქირურგიაზე

94
zaza

გადაცემის ლაივი LIVE

25 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ბოხუას სახელობის კარდოვასკულური ცენტრის კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარდიოქირურგი ზაზა კაციტაძე სტუმრობდა, რომელმაც მცირე ინვაზიურ კარდიოქირურგიასა და მის უპირატესობაზე ისაუბრა.

– ბატონო ზაზა, რას წარმოადგენს მცირე ინვაზიური კარდიოქირურგია და რით განსხვავდება ტრადიციული მეთოდისგან?

– მცირე ინვაზიური კარდიოქირურგია შედარებით ახალი დარგია, რომლის დამკვიდრებას ტექნიკურმა პროგრესმა შეუწყო ხელი. ახლა ბევრად უკეთესი ვიზუალიზაციის საშუალებები გვაქვს, რაც მცირე განაკვეთით და შორ დისტანციაზე მუშაობის საშუალებას იძლევა.

– ყველას პაციენტს აშინებს გულის ოპერაცია, ამიტომ ბევრი უარსაც კი ამბობს. საინტერესოა, რამდენად ამარტივებს მცირე ინვაზიის მეთოდი პაციენტის ოპერაციაზე დათანხმებას? 

– დღეს საკმაოდ ბევრი ოპერაცია კეთდება მსგავსი მეთოდით, ამიტომ პაციენტებს მეტ-ნაკლებად აქვთ მასზე წარმოდგენა. ყველამ კარგად იცის, რომ ტრადიციული მეთოდით ოპერირების შემდეგ, პაციენტს არა მხოლოდ კორსეტის ტარება უწევს, არამედ ავტომობილის მართვაც ეზღუდება გარკვეული პერიოდით, მცირე ინვაზიური მეთოდი კი, მსგავს შეზღუდვებს არ ითვალისწინებს. მეტიც, ხუთ დღეში პაციენტს გაწერა და მკურნალობის სახლში გაგრძელებაც კი შეუძლია. აღსანიშნავია, რომ მალე ჩვენს კლინიკაში ახალ მეთოდი დაინერგება, რომელიც ფეხზე მხოლოდ 1-სანტიმეტრიანი განაკვეთით გულისხმობს ვენის აღებას, რაც თავის მხრივ პაციენტის რეაბილიტაციას და სწრაფად გაჯანსაღებას უწყობს ხელს.

– რატომ გადაწყვიტა ხობუას კლინიკამ მსგავსი მეთოდის დამკვიდრება?

– მედიცინა მუდმივად ვითარდება და სწავლობს ახალ მეთოდებს. ჩვენს კლინიკაში ბევრი ახალგაზრდა სპეციალისტია, რომელთაც სწორედ თანამედროვე მეთოდებით სურთ მუშაობა, ამიტომ სიახლეებსაც სწრაფად ითვისებენ. გადაწყვეტილება კოლექტიურად მივიღეთ ხელმძღვანელებთან ერთად, მით უფრო, რომ მცირე ინვაზიური მეთოდი ბევრად უსაფრთხო და შედეგიანია. მთავარი, მედპერსონალის სწორი შერჩევა და პაციენტების სწორი სელექციაა, რადგან ერთის მხრივ, მსგავსი მეთოდით ოპერირება მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს, მეორეს მხრივ, ყოველთვის არ შეიძლება მისი გამოყენება. ჩვენმა გუნდმა ჯერ ევროპაში გაიარა გადამზადების კურსი და მხოლოდ შემდეგ შეუდგა მუშაობას.

– რამდენად რთულია ქირურგისთვის მსგავსი მეთოდით ოპერირება?

– ზოგადად, მცირე ინვაზიური კარდიოქირურგია ბევრად რთული და შრომატევადია, ვიდრე ტრადიციული, ამიტომ მხოლოდ გამოცდილი და დახელოვნებული ქირურგები იღებენ საკუთარ თავზე მსგავსი მეთოდით ოპერირების პასუხისმგებლობას.

– საინტერესოა, რამდენი ოპერაცია ჩატარდა ერთი წლის მანძილზე, რამდენად კმაყოფილი არიან პაციენტები და თავად თუ გაკმაყოფილებთ მიღებული შედეგი?

– მართალია, თავიდან ნაკლებად, მაგრამ ახლა სულ მცირე 40 ოპერაციას ვატარებთ თვეში. საბედნიეროდ, გართულებები ჯერ არ გვქონია და პაციენტებიც ძალიან კმაყოფილი არიან, რადგან ოპერაციის მეორე დღესვე გადაგვყავს პალატაში, ხუთ დღეში კი, კლინიკიდან ეწერებიან.

– რა აღჭურვილობაა საჭირო მსგავსი მეთოდის გასავითარებლად?

– რა თქმა უნდა, მცირე ინვაზიური მეთოდი ტრადიციულისგან განსხვავებულ ტექნიკურ აღჭურვილობას მოითხოვს, რაც საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა მისი შეძენით და სწორად გამოყენებით საბოლოოდ ყველა მოგებული რჩება. აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ბოლო წლებში მცირე ინვაზიური კარდიოქირურგია ძალიან განვითარდა თუ ადრე მეზობელ ქვეყანაში უწევდათ პაციენტებს გამგზავრება, ახლა პირიქით, ჩვენთან ჩამოდიან უცხოელები. სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩვენი დარგი ერთ-ერთი წამყვანია ქართულ მედიცინაში,  ჩვენი ქირურგები კი, არაფრით ჩამორჩებიან უცხოელ კოლეგებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები