LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Take Six-ის ფურორი და ბისზე სამჯერ გამოსული მუსიკოსები

207

ამერიკული აკაპელა ჯგუფი Take Six  შოუბიზნესში არსებობს 25-წლიან ისტორიას აღნიშნავს. ტურნეს დასრულება, როგორც თავად აღნიშნეს, საუკეთესო ადგილას, თბილისში გადაწყვიტეს. ჯგუფის წევრები ჯაზფესტივალის სტუმრები გახლდნენ წლების წინ, როცა ფილარმონიაში კონცერტი გამართეს და მსმენელს დაუვიწყარი საღამო აჩუქეს. იმდენად დაუვიწყარი, რომ ვინც ზემოხსენებულ კონცერტზე ნამყოფი გახლდათ, ყველას უნდოდა ამ სიამოვნების გამეორება.

12 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში, ფესტივალის ფარგლებში, გახსნაზე, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა, ჯგუფბა ნამდვილი ფურორი მოახდინა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სიმფონიური ორკესტრი ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე იდგა, ამიტომაც საღამო ორმაგად დასამახსოვრებელი გამოვიდა. მუსიკოსებმა ქართველ მსმენელს ორსაათიანი პროგრამა აჩუქეს, მათ შორის საკუთარი ცნობილი ჰიტებიც შეასრულეს, მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ „The Biggest Part Of Me“, „Mary“ და სხვა შესანიშნავი კომპოზიციები. მათ ახლახან გარდაცვლილ მუსიკოსებს, მათ შორის, პრინცსაც, ცნობილი სიმღერა „Stand By Me“ მიუძღვნეს, საკუთარი ინტერპრეტირებით, რომელსაც დარბაზთან ერთად ასრულებდნენ…

Take Six-ის უნიკალურობა, სხვა ბევრ თვისებასთან ერთად, ისიც გახლავთ, რომ მუსიკოსები მრვალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ერთ მთლიანობას ქმნიან და ძნელია, მათი ცოცხალი შესრულება ჩანაწერისგან განასხვავო. ეს არის მუსიკალური სტანდარტი, ხარისხი, რომელიც საკმაოდ რთულად მიიღწევა და რომლის შენარჩუნება თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიაში დიდი ფუფუნებაა.

ბისზე მუსიკოსები სამჯერ გამოვიდნენ. ეს ერთგვარი რეკორდიც კი აღმოჩნდა. ნამდვილი სიურპრიზი ქართველი მსმენელისთვის აღმოჩნდა მიშელ ლეგრანის „The Windmills Of Your Mind“, სიმღერა ფილმიდან „თომას ქრაუნის აფერა“, სადაც მთავარ როლებს პირს ბროსნანი და რენე რუსო ასრულებენ. ეს სიმღერა Take Six-ის რეპერტუარში შედის და მას საუცხოოდ ასრულებენ, მსმენელის ნაწილმა კი, ამგვარი ვერსიით, ის პირველად სწორედ გუშინდელ კონცერტზე მოისმინა.

ჯგუფის წევრებმა გამოთქვეს დიდი სურვილი, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ დაბრუნდებიან. შეგახსენებთ, რომ ამ კონცერტით ჯანსუღ კახიძის სახელობის მეორე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა. წინ კი კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიებაა პროექტის ფარგლებში.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები