LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჩერგოლეიშვილის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

56
რას უსმენნე ცნობილები -

რადიო „ფორტუნას“ და ნია მოძმანაშვილის გადაცემას „რას უსმენენ ცნობილები“ პოლიტიკოსი თამარ ჩერგოლეიშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს 7 რჩეული სიმღერა და აღნიშნულ სიმღერებთან დაკავშირებული საინტერესო ამბები გაუზიარა. როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკოსის ცხოვრებაში მუსიკას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

7) The Beatles – Come Together – ეს სიმღერა ჩემთვის იავნანასავით არის, ძალიან ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, მამაჩემის დამსახურებით. მამაჩემი იყო ის ადამიანი, ვინც პირველმა დაიწყო ჩემს მუსიკალურ გემოვნებაზე ზრუნვა. მაშინ ისეთი პერიოდი იყო, რომ ტექნიკა ასე არ იყიდებოდა და მამა თვითონ აწყობდა რაღაცებს. მამა ძალიან ნიჭიერი კაცია, ფიზიკოსი, ინჟინერია და ეხერხება მსგავსი რამეები. ბავშვობაში მეგონა, რომ მაგნიტოფონებს მამები აკეთებდნენ. ამ სიმღერას პატარაობაში „შუშანიკას“ ვეძახდი, რადგან „Shoeshine he got“ ასე მესმოდა და მეგონა, რომ ეს იყო სიმღერა შუშანიკაზე (იცინის).

თამარ, როგორც ვხვდები, მუსიკაში კარგად ერკვევით, არასდროს გიფიქრიათ მუსიკალური გადაცემის გაკეთებაზე?

კი, ბევრს მელაპარაკებოდნენ მუსიკაზე და მე თვითონაც მაქვს მუსიკალური განათლება. მუსიკა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მუსიკალურ გადაცემაზე არ მიფიქრია, მაგრამ ჩემი პოლიტიკური გადაცემის ქუდებს, აქციებს, რასაც ვაწყობთ, სულ კარგი მუსიკა ადევს. სხვათა შორის, სტრასბურგში დიჯეინგს ვსწავლობდი, ეს იყო ჩემი გატაცება.

6) Pink Floyd – If

ვფიქრობდი, ჩამესვა თუ არა ეს სიმღერა, რადგან როჯერ უოთერსის არის, რომელიც შემძულდა, უკრაინაზე მისი პოზიციის გამო, მაგრამ ჩემთვის „Pink Floyd“ იმხელა ფიგურაა, რომ ვერ დავემშვიდობები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმღერაა, ბავშვობაა ჩემი. ეს „If“ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა მგონია და ბავშვობიდან სულ მაქვს ჩარჩენილი.

5) Andrew Lloyd Webber – Jesus Christ Superstar – ისევ მამაჩემი იყო ის, ვინც ჩემს ცხოვრებაში ეს სიმღერა შემოიტანა. მახსოვს, რომ ვუსმენდი და ძალიან მომწონდა. მერე გავიგე, რაც იყო და აქედან წამოვიდა ჩემთან სახარების წაკითხვის ინტერესი, მუსიკალურად ეს რომ მომწონდა, ამიტომ დავიწყე სახარების წაკითხვა. ერთ-ერთი ახალი წელი იყო, ამსტერდამში ვიყავი, დგებოდა შობა და შობის ღამეს წავედი კლუბში. რიგში დგომის შემდეგ, რომ შევედი, ძალიან დიდი კლუბი იყო და იდგა უზარმაზარი, ზეწრებით გაკეთებული ქანდაკება – მომეჩვენა, რომ მარიამი იყო და ამ დროს „Tample“ იყო დამიქსული. მახსოვს, აღფრთოვანებისგან კინაღამ გავგიჟდი. იმდენად ჩემს სათქმელს ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვნად ჩავთვალე ამ სიმღერის ჩასმა.

სოციალური ქსელი ააფეთქა თქვენი და თქვენი შვილიშვილის ვიდეომ, რომელშიც მღერით…

რეპუტაციის საკითხია… „კიბორგი ამღერდა“ – დაახლოებით ასეთი რეაქცია იყო. სულ პოლიტიკაზე, სერიოზულ თემებზე რომ ვარ კონცენტრირებული, ეტყობა, ყველას რობოტი ვგონივარ და უცებ რომ დამინახეს, შვილიშვილთან ერთად ამღერებული, გაუხარდათ, ჩემი ადამიანური მხარე დაინახეს.

4) Underworld – Born Slippy – ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი სიმღერაა. ეს არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმის, „Trainspotting“ საუნდტრეკი და გიგას და ჩემს ქორწინებას უკავშირდება. მე და გიგა მოკავშირეები და მეგობრები ვართ 1997 წლიდან. ყველაფერი ფლირტით დაიწყო, რომელიც მეგობრობაში გადაიზარდა და შემდეგ გადაიზარდა მეგობრობაში ბენეფიტებით. ასე ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს და არც მიფიქრია, რომ ამის იქით უნდა წავსულიყავი, თან, გიგაც ისეთი ტიპია, რომ ჩენი ურთიერთობის გასერიოზულებაზე არ მიფიქრია.  გვქონდა რაღაცნაირი კარგი ურთიერთობა, არასდროს ერთმანეთისთვის არ გვიწყენინებია, არ მოგვიტყუებია, ჩვენ ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობდით და პერიოდულად ვიკვეთებოდით, ოღონდ ძალიან ვმეგობრობდით. 2005 წლის მაისში მივლინებით ვიყავი თბილისში ჩამოსული 3 თვით, უნდა გამეკეთებინა ანტიკორუფციული სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და მაშინ რაღაცნაირად უფრო ინტენსიური გახდა ჩვენი ურთიერთობა. გიგამ მითხრა, ბათუმში ხომ არ წავიდეთ დასასვენებლადო. ჩავთვალე, რომ გასართობად მივდიოდით. პატარა, ორ-ადგილიანი სპორტული მანქანა მყავდა და მახსოვს, რომ მივდიოდით, გზაში ამ სიმღერას ვუსმენდი. უცებ გიგა მომიტრიალდა და მითხრა, იქ მამაჩემი და ჩემი შვილი იქნებიან და წინააღმდეგი ხომ არ ხარო, ვუთხარი, წინააღმდეგი არ ვარ, რატომ უნდა ვიყო, მაგრამ რა შუაში არის-მეთქი. გიგამ მიპასუხა, მგონი, ძალიან კარგად ეწერები შენ მაგ ყველაფერშიო, ვკითხე, რას ვაკეთებთ-მეთქი და მე მგონი, ვქორწინდებითო, მიპასუხა, მე ვუთხარი კი ბატონო-მეთქი და გავაგრძელეთ ასე წყნარად გზა. თანს ეს მუსიკა მიდიოდა. სულ მახსოვს ეს სიმღერა და სულ ძვირფასი იქნება ჩემთვის.

3) Nick Cave – Into My Arms

აქ არის საუბარი ინტერვენციონისტ ღმერთზე, მეც არ მჯერა ინტერვენციონისტი ღმერთის, მაგრამ იყო ერთი მომენტი, როცა ძალიან მინდოდა, რომ მას ეარსება. მახსოვს, ვიყავი ლუქსემბურგში,  იქიდან მანქანით უნდა წამოვსულიყავი სტრასბურგში. სადღაც გავიარე ისეთ ადგილას, სადაც არ უნდა გამევლო და ჩამოწვა ნისლი, თან, ეს სიმღერა მქონდა ჩართული…„I don’t believe in an interventionist God“-ს ხომ მღერის და მე „ I believe”-ს ვმღეროდი, რადგან მინდოდა, ეს ნისლი გაფანტულიყო (იცინის). დავიკარგე, საერთოდ ვერ ვხედავდი, სად მივდიოდი, თან მაგვიანდებოდა და მახსოვს, მაშინ ისე მინდოდა, რომ ღმერთი ინტერვენციონისტი ყოფილიყო და ნისლი გაეფანტა.

2) The Prodigy – Firestarter – როდესაც რაღაცას ავაფეთქებ და „ვიმავნებლებ“, მაშინ სულ „Firestarter“-ს ვრთავ და დაახლოებით ისე ვცეკვავ, როგორც ის კაცი კლიპში.

1) David Bowie – I’m Deranged – ეს მომწონს ყველაზე მეტად, არ ვიცი, რატომ. (იცინის)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g