LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაბუნია: პერსონალი მზად არის, კლინიკებს მედიკამენტების მარაგი აქვთ და მომზადებული ხვდებიან იმ გამოწვევებს, რაც შესაძლოა, ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს

94
გაბუნია და კლინიკები

„საბედნიეროდ, კლინიკების დატვირთვა არ არის მაღალი, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით ნახევარი არის დატვირთული“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნია კოვიდ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ახალი შტამი „ომიკრონი“ და სამედიცინო დაწესებულებების მზაობა განიხილეს. საუბარი შეეხო კოვიდის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატების დანერგვას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემა მზად არის, თუმცა ამავე დროს მთავარ იარაღად კვლავ ვაქცინაცია და „ბუსტერ“ დოზის გამოყენება რჩება.

„ბუნებრივია, კოვიდის მართვის პროცესში ახალი გამოწვევები არის. მსოფლიო დღეს უმკლავდება „ომიკრონის“ ახალ ტალღას. კლინიკებთან ვისაუბრეთ მათი მზაობის თაობაზე, იმასთან დაკავშირებით თუ რა გამოწვევებს ხედავენ.

დღეს, საბედნიეროდ, კლინიკების დატვირთვა არ არის მაღალი, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით ნახევარი არის დატვირთული. მზაობა კვლავაც რჩება მაქსიმალური, პერსონალი მზად არის, ახალი პროტოკოლი მოქმედია, მედიკამენტების მარაგი კლინიკებს აქვთ და ვფიქრობ, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდებიან იმ გამოწვევებს, რაც შესაძლებელია ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს.

ასევე ვისაუბრეთ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალში. მოგეხსენებათ, რომ დაწყებულია წახალისების სქემა 50 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვისაც, ვაქცინაციის შემდგომ, პირველივე დოზის მიღებისთანავე მოქალაქე იღებს 200 ლარიან წახალისებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ “ომიკრონი” კიდევ 11 ადამიანს დაუდასტურდა – ქვეყანაში ამ ეტაპზე 159 შემთხვევა ფიქსირდება

ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაიცვალა 32, დაინფიცირდა 3 436 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g