თამარაშვილის ქუჩაზე ხის უკანონოდ მოჭრასთან დაკავშირებით საქმის მასალები პოლიციაში გადაიგზავნება, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
დედაქალაქის მთავრობაში განმარტავენ, რომ თამარაშვილის ქუჩაზე ხის უკანონოდ მოჭრის ფაქტთან დაკავშირებით, მათ წუხელ, გვიან ღამით, ეცნობა.
“შეტყობინებისთანავე, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გავიდნენ და სიტუაციას დეტალურად გაეცნენ. თამარაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი წერეთელიც.
“დათვალიერებისას გაირკვა, რომ კომპანია „დომუსის“ კუთვნილ ტერიტორიაზე მოჭრილია 1 ხე. გარდა ამისა, აღნიშნულ ნაკვეთზე არსებულ ხეებს აღენიშნება ძველი დაზიანებები, რასთან დაკავშირებითაც თავის დროზე, ასევე, ეცნობა პოლიციას.
“უკანონოდ მოჭრილი ვერხვის დიამეტრი 80 სმ.-ია, რაც ნიშნავს, რომ გარემოზე მიყენებული ზიანი 2000 ლარს ცდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალები პოლიციაში გადაიგზავნება,” – აღნიშნულია განცხადებაში.
თამარაშვილის ქუჩაზე გვიან ღამით ხმაური იყო, მოსახლეობა ვერხვის მოჭრას აპროტესტებდა. მათი მტკიცებით, კიდევ 20-ზე მეტი ხის მოჭრა იგეგმება.