თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლების თავშესაფარს ხურავს. მისი განცხადებით, ამის მიზეზი ფინანსური კრიზისია, რომელიც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში თავშესაფარს შეექმნა.
როგორც ელიზბარაშვილმა თქვა, მთელი ამ დროის განმავლობაში მან დედაქალაქის მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა მისი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
როგორც მანვე აღნიშნა, თბილისის მერიას მისი კერძო ტერიტორიის (2500 კვ/მ), რომელზეც ახლა თავშესაფარია განთავსებული, უსასყიდლოდ გადაცემაც შესთავაზა – იმ პირობით, რომ თავშესაფარი 8 წლის განმავლობაში მის სტატუსს არ დაკარგავდა, თუმცა არც მერიასა და არც კერძო სექტორში დახმარების მსურველი არავინ გამოჩნდა.
ამ დროისთვის თავშესაფარში მზრუნველობის ქვეშ 250-ზე მეტი ძაღლია. ელიზბარაშვილის თქმით, აქედან ნაწილი, რომელთაც მძიმე დაავადებები აქვთ, დროებით ტერიტორიაზე დარჩება, ნაწილი გაჩუქდება, ხოლო დანარჩენი კვლავ ქუჩაში ცხოვრებისთვის არიან განწირულნი.