საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქო აიკრძალება
10 თებერვალს, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, პროექტის ”თამბაქოზე მოთხოვნის შემცირების მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების და აღსრულების მხარდაჭერა საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანი თამბაქოზე კონტროლის გაძლიერებაა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, აუცილებელია შეიქმნას თამბაქოს კონტროლზე პასუხისმგებელი ორგანო, თუმცა ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი რომელი სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ იქნება აღნიშნული ორგანო.
არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ლელა სტურუას თქმით, თამბაქოზე კონტროლის გაძლიერების მიზნით ბევრი სიახლე იგეგმება. პირველ რიგში, შეიქმნება ამ საკითხზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე, საქართველოში ჩამოვლენ ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩაატარებენ ტრენინგებს თამბაქოს მავნებლობისა და მასზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების კუთხით. როგორც ლელა სტურუამ „ფორტუნასთან“ განაცხადა, აუცილებლად მოიმატებს ფასები თამბაქოზე, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს თამბაქოზე კონტროლის გამკაცრებას.
„თამბაქოზე ფასი ყველა შემთხვევაში მოიმატებს, უბრალოდ ჯერ არ ვიცით, 20 თეთრით გაიზრდება თუ ერთი ლარით. ამის ვალდებულება გვაქვს, როგორც თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით, ასევე ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებით. კონტროლის გამკაცრებაში მხოლოდ ფასების მატება არ იგულისხმება. დიდი ვარაუდით, აიკრძალება მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“ – აცხადებს ლელა სტურუა.
ბავშვების 60% თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედების ქვეშ არის
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს აკრძალვას ითხოვს სახალხო დამცველი.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კუთხით სერიოზული დარღვევებია.
ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 30%-ზე მეტი მწეველია, 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების 60% კი თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ყველამ იცის, რა მავნე გავლენა შეიძლება მოახდინოს თამბაქოს კვამლმა ადამიანის ჯანმრთელობაზე, პრაქტიკაში მისგან თავის არიდებას ცოტა თუ ცდილობს. ამ დრომდე ვერ მოხერხდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვა.
სახალხო დამცველი ერთ-ერთ დარღვევად სწორედ აღნიშნულ ფაქტს ასახელებს და აცხადებს, რომ უნდა მოხდეს როგორც თამბაქოს რეალიზაციის, ასევე თამბაქოს რეკლამის აკრძალვაც.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები დღემდე არ არის შესრულებული. ჩვენი ერთ–ერთი მთავარი რეკომენდაციაა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ შენობებში აიკრძალოს როგორც რეალიზაცია, ასევე თამბაქოს პირდაპირი თუ ირიბი რეკლამა. მათ შორის სპონსორობის აკრძალვაც” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში თამბაქოზე კონტროლის კუთხით
სახალხო დამცველის აპარატი პარლამენტს მოუწოდებს მოქმედი კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. კანონში შეიტანოს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, აიკრძალება მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. აუცილებელია, თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება – მიაჩნიათ ომბუდსმენის აპარატში. ასევე საჭიროა, თამბაქოზე დამოკიდებულ პირთათვის კონსულტაციების ჩატარება და მკურნალობისთვის საჭირო სერვისების განვითარება.
მწეველები მაიძულებენ ვისუნთქო თამბაქოს კვამლი
დახურულ შენობებში თამბაქოს აკრძალვასთან დაკავშირებით საზოგადოების შეფასებები სხვადასხვაგვარია. არამწეველთა ნაწილი სახალხო დამცველის რეკომენდაციას მხარს უჭერს და თვლის, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქო აქამდეც უნდა აეკრძალათ.
ქეთი 24 წლის არის. როგორც თავად ამბობს, თამბაქო გასინჯულიც კი არ აქვს და მისთვის ძალიან დიდი დისკომფორტია, როდესაც კაფეები თუ ბარები მუდმივად თამბაქოს კვამლშია გახვეული.
„თამბაქო არასდროს მომიწევია, სუნი ყოველთვის ძალიან მაწუხებს. ხშირად კაფედან გამოვსულვარ იმის, გამო რომ თამბაქოს კვამლს შევუწუხებივარ. გასაგებია, რომ მწეველი ყოველ წუთს გარეთ ვერ ირბენს, მაგრამ ჩვენზეც ხომ უნდა იფიქრონ? იძულებული ვარ ვისუნთქო თამბაქოს კვამლი. აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა უნდა აიკრძალოს“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ ქეთი.
ქეთისგან განსხვავებული პოზიცია აქვს 30 წლის ნინოს. როგორც ის „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქო თუ აიკრძალება, მაშინ აუცილებელი გახდება გამოიყოს ცალკე კუთხე მწეველთათვის, ყოველი მოწევის დროს გარეთ სირბილი რომ არ მოუწიოს.
„უკვე 15 წელია თამბაქოს მომხმარებელი ვარ. გასაგებია, რომ თამბაქოს კვამლი გარშემომყოფებს დისკომფორტს უქმნის, თუ შენობაში მოწევა აიკრძალება, მაშინ რაიმე სხვა გზა უნდა მოიძებნოს, რომ ყოველ 5 წუთში გარეთ გამოსვლა არ მომიწიოს. კარგი იქნება თუ ცალკე ადგილი გამოიყოფა მწეველთათვის, ამით ჩვენც კმაყოფილები ვიქნებით და არც გარშემომყოფებს შევაწუხებთ“ – აცხადებს ნინო.
გვანცა ბზიავა