ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებულები თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი ქალბატონის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მას სხეულის 80 პროცენტის დამწვრობა აღენიშნება.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ჭითანავების ოჯახში ძლიერი აფეთქება მოხდა. ოჯახში მყოფმა შვიდმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება დიზელის ნაცვლად, ბენზინის გამოყენებამ გამოიწვია.
“სალიარის ნაცვლად ბენზინი გამოიყენეს, ბიდონი ხუთლიტრიანი იყო და მაშინვე აფეთქდა. ტანსაცმლიანად იწვოდნენ, მიწაზე გორაობდნენ, საშინელება ვნახე. მსგავსი არასოდეს მინახავს. ოჯახში ორი ბავშვი იყო, ერთმა მოასწრო და გარეთ გამოვიდა, დანარჩენები კი მძიმედ დაშავდნენ. ჩვენ როგორც შეგვეძლო ვეხმარებოდით, მაგრამ შემდეგ სახანძრო და სასწრაფოც მალევე მოვიდნენ. ორსართულიანი სახლისგან მხოლოდ აგურები დარჩა, სახლს ვინ ჩივის ლამის მთელი ოჯახი ამოიხოცა”, – ჰყვება ერთ-ერთი თვითმხილველი “პრაიმტაიმთან”.
დაშავებულები შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოინახულა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება