„ტაქსების გადაღებვით ტაქსების რაოდენობას ნამდვილად ვერ შევამცირებთ,“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, ხაზი უნდა გაესვას იმ ბენეფიტებს, რომლითაც ტაქსის მძღოლები ლიცენზიის აღების შემთხვევაში ისარგებლებენ.
როგორც კალაძე აცხადებს, ტაქსების შეღებვასთან დაკავშირებით მერიას ძალიან საინტერესო გეგმა აქვს.
„რეფორმა რამდენიმე ეტაპიანია, რომელიც ჩვენ მიერ ხორციელდება და რომელიც დავაანონსეთ. ფერს რაც შეეხება, ეს არის მეორე ეტაპი და ეს ვალდებულება შემოდის 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან, თუმცა ჩვენ უნდა გავუსვათ იმ ბენეფიტებსაც ხაზი, რომელსაც ლიცენზიის მფლობელი ტაქსისტები მიიღებენ. ეს არის ის, რომ ყოველგვარი გადასახადების გარეშე ქალაქში გამოყოფილი იქნება კონკრეტული ადგილები და ისარგებლებენ პარკირების სისტემით. ასევე, საშემოსავლოსგან არიან გათავისუფლებულები ლიცენზიის მქონე მძღოლები. მათ კონკრეტული ადგილები მიეთითებათ ავტომობილებზე, სადაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ რეკლამა გაყიდონ და იქიდან მიღებული თანხები იქნება მათი საკუთრება. ტაქსის მანათობელს პირველ ეტაპზე ლიცენზიის მქონე მძღოლს უფასოდ გადასცემს დედაქალაქის მერია. შეღებვას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმა შემუშავებული და ამასაც უახლოეს მომავალში მოგახსენებთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.