მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდმა TasteAtlas, 10 000-მდე მომხმარებლის გამოკითხვის საფუძველზე, ქათმის ხორცით მომზადებული საუკეთესო კერძების რეიტინგი გამოაქვეყნა.
საუკეთესო ასეულში ორი ქართული კერძი – წიწილა ტაბაკად (25-ე ადგილი) და შქმერული (37-ე ადგილი) მოხვდა.
ქართული კერძების თანმხლებ აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ წიწილა სპეციალურ ტაფაზე განსაკუთრებული მეთოდით, სიმძიმის ქვეშ იწვება და რომ მომზადების შემდეგ წიწილის კანი ხრაშუნა, ხორცი კი ნოტიოა. აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოში წიწილას ტაბაკად მიირთმევენ ტყემლით და მას ისეთ თეთრ ქართულ ღვინოებს აყოლებენ, როგორებიცაა ჩინური, კრახუნა, ცოლიკაური და რქაწითელი. რაც შეეხება შქმერულს, ეს არის ღუმელში მობრაწული ქათამი, რომელიც კეცში ნივრის, რძისა და კარაქის სოუსში თავსდება.
რეიტინგის სათავეში, ვებგვერდის მომხმარებლების ხმათა უმრავლესობით, კორეულად – ბევრ კარაქში კარგად დაბრაწული ქათმის ხორცი მოექცა. აღსანიშნავია, რომ ქათმის ხორცის ასე მომზადება კორეელებმა XX საუკუნის 50-იან წლებში ამერიკელი ჯარისკაცებისგან ისწავლეს.