თავის მსუბუქმა ტრავმამ შეიძლება თავის ტკივილი ან თავბრუხვევა გამოიწვიოს;
უფრო მძიმე ტრავმის დროს ადამიანმა შეიძლება გონება დაკარგოს ან ტვინის ფუნქციის მოშლის სიმპტომები გამოუვლინდეს; თავის მძიმე ტრავმების დიაგნოზის დასასმელად კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება; თავის ტრავმებში შედის: სკალპის დაზიანება; ქალას ძვლების მოტეხილობა; ტვინის შერყევა; ტვინის დაჟეჟილობა; ჭრილობა; სისხლის დაგროვება ტვინსა და ქალას შორის ან ტვინში და ნეირონების დაზიანება მთელ ტვინში. ტვინი მაშინაც შეიძლება დაზიანდეს, თუ ქალა გატეხილი არ არის. მსუბუქი ტრავმის შედეგად შესაძლოა გამოვლინდეს თავის ტკივილი და თავბრუსხვევა ან თავში სიმსუბუქის შეგრძნება. ზოგ ადამიანს ასევე აქვს მსუბუქი ხარისხის დეზორიენტაცია, გულისრევა, ბავშვებში კი უფრო ხშირია ღებინება. პატარები შესაძლოა უბრალოდ გაღიზიანებულები იყვნენ ტრავმის შედეგად.
ტვინის შერყევა გონებრივი ფუნქციების დროებითი, ხანმოკლე დარღვევაა ტვინის დაზიანების გარეშე. ზოგჯერ ადამიანები ცოტა ხნით გონებას კარგავენ, მაგრამ შეიძლება უბრალოდ დეზორიენტაცია განვითარდეს და ვერ შეძლონ გაიხსენონ, რა მოხდა ტრავმამდე ცოტა ხნით ადრე ან შემდეგ. თავის მსუბუქი ტრავმა: ადამიანთა უმრავლესობა სრულად გამოჯანმრთელდება, განსაკუთრებით თუ შერყევის შემდგომი სიმპტომები არ ჰქონიათ. თავის მძიმე ტრავმა: მოზრდილებში თავის მძიმე ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელება დიდწილად პირველ 6 თვეში ხდება, თუმცა ზოგჯერ ეს პროცესი 2 წლამდეც გრძელდება. ბავშვები უფრო ადვილად გამოჯანმრთელდებიან, მიუხედავად ტრავმის სიმძიმისა, და გაჯანსაღების პროცესი ბევრად ხანგრძლივადაც მიმდინარეობს. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, უნარების გადანაწილების შესაძლებლობა მცირდება.
თავის მსუბუქი ტრავმა: დიაგნოსტიკა ეფუძნება პაციენტის სიმპტომებსა და გასინჯვის შედეგებს. თუ ტრავმა მსუბუქია და დაზიანების ადგილის ტკივილის გარდა სხვა სიმპტომები არ ვლინდება, შესაძლოა ტკივილგამაყუჩებლები მიიღოს ადამიანმა. თავის მძიმე ტრავმის მქონე პაციენტები საავადმყოფოში, როგორც წესი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხვდებიან. არტერიული წნევა, სისხლში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის შემცველობა მუდმივად სასურველ დონეზე უნდა შენარჩუნდეს. არტერიული წნევის გაკონტროლება ვენაში გადასხმული სითხეების რაოდენობითა და საჭიროების შემთხვევაში შარდმდენების დანიშვნით შეიძლება. სისხლში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის შემცველობა კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე სუნთქვის სიხშირისა და სიღრმის, მიწოდებული ჟანგბადის რაოდენობის შერჩევით რეგულირდება. ზოგჯერ პაციენტის საწოლის თავს წამოწევენ, რათა ქალასა და ტვინში წნევა ზედმეტად არ გაიზარდოს. აუცილებელია ტკივილის გაყუჩებაც.