რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აქციას მართავენ.
“თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს” – ამ სლოგანით აქციის მონაწილეები მხარდაჭერას გამოხატავენ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ, რომელიც 23 თებერვალს დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს
პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ნიკა მელიას მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, თბილისიდან რუსთავისკენ მსვლელობა ავტომობილებით მოაწყვეს.
აქციის მიმდინარეობისას საპატიმროსთან საქართველოს ეროვნული ჰიმნი ჟღერდა. როგორც აქტივისტები და პოლიტიკოსები აცხადებენ, მათი მოთხოვნა უცვლელია, ნიკა მელია არის უკანონო პატიმარი და მან პენიტენციური დაწესებულება უნდა დატოვოს.
შეგახსენებთ, გუშინ, ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაანონსებულ აქციებს დროებით გადადებენ, რათა ფართომასშტაბიანმა გამოსვლებმა ხელი არ შეუშალოს მხარეებს შორის შესაძლო მოლაპარაკებების პროცესს. თუმცა მათ გუშინვე განმარტეს, რომ ნიკა მელიას მხარდამჭერი მსვლელობა დღეს აუცილებლად მოეწყობოდა.