LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავს კი არა, ინსტიტუტს ვიცავ: ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

79

ბოლო დროს ძიუდოს სამყაროში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ჩაფლავებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სპორტსმენების ნაწილი მოქმედი პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ძიუდოს ფედერაციასთან საპროტესტო აქციაც გაიმართა. თუმცა დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
სამაგიეროდ ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.

დღეს კი ძიუდოს ფედერაციის ყრილობა მიმდინარეობს, ოღონდ დახურულ რეჟიმში.
დღის წესრიგით ორი საკითხი განიხილება: ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესების განხილვა.
ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

ძიუდოისტები გეგმავენ ფედერაციის ხელმძღვანელს კითხვები დაუსვან.
მათივე განცხადებით, ფედერაციის გარშემო მიმდინარე მოვლენები, ყველაზე მეტად მათ აზარალებთ, რადგან ყოველდღიური ვარჯიშები უცდებათ.

ამასთან, სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის, რომელშიც კულტურის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრები გაერთიანდებიან.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომისიის წევრები ძიუდოს ფედერაციიდან გამოითხოვენ დეტალურ ინფორმაციას, რომელზეც ბოლო დღეებში იყო საუბარი.

„უახლოეს დღეებში მოხდება ამ საკითხების შესწავლა და შედეგებს, შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც კომისია მიიღებს, საზოგადოებას მივაწვდით. გადაწყვეტილებები მალე იქნება ცნობილი. სიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე, ამ პროცესს არ გავაჭიანურებთ “, – განაცხადა მინისტრმა.

სასტუმრო “ბილტმორში” მიმდინარე ყრილობაზე კი ძიუდოს ფედერაციის მიერ დაქირავებულია დაცვა. დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ დაცვა მოსალოდნელი სიტუაციის გართულების თავიდან ასაცილებლად დაიქირავეს, რადგან მოსალოდნელია გარკვეული პროვოკაციები.

„სპორტსმენებს შეუძლიათ მობრძანდნენ და ყრილობაზე განაცხადონ იმ ბრალდებების შესახებ, რომლებსაც მიყენებენ. ამ ფორმატში მზად ვარ, გავცე პასუხი. თანამდებობიდან გადაყენებაზე ან დატოვებაზე საუბარი არ არის, რადგან მე ვარ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი. მე ვიცავ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რომ მომავალში არ მოხდეს ისე, რომ რამდენიმე სპორტსმენს როდესაც მოუნდება, პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენოს, ან გადმოაყენოს. აუცილებელია დავიცვათ ეს თანამდებობა, როგორც ინსტიტუტი“, – განაცხადა ქევხიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g