რუსული საბიუჯეტო ავიაკომპანია „პაბედა“ თბილისსა და ბაქოში რეისებს შეასრულებს. კომპანიამ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.
როგორც ”ფორტუნას” სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს სააგენტოში ”პაბედამ” განაცხადი 15 სექტემბერს შეიტანა. ავიაკომპანიის მოთხოვნა 22 სექტემბერს დააკმაყოფილეს.
თვითმფრინავები თბილისის მიმართულებით 1-ლი ნოემბრიდან კვირაში სამჯერ იფრენენ, ბაქოში კი 30 ოქტომბრიდან – კვირაში ოთხჯერ. ავიაბილეთის ფასი 999 რუბლიდან დაიწყება. დღევანდელი კურსით ეს 36 ლარია.
ავიაკომპანია „პაბედა“ აეროფლოტის ჯგუფის შემადგენლობაში შედის და ბოინგ 737-800-ის ტიპის თვითმფრინავებს იყენებს. როგორც „იტარ-ტასი“ წერს, კომპანიის პარკში 12 თვითმფრინავია, რომელთა საშუალო ასაკი დაახლოებით ერთი წელია. „პაბედა“ 2014 წლის 16 სექტემბერს ავიაკომპანია „დობროლიოტის“ ნაცვლად დაარსდა.
კომპანია „დობროლიოტი“ მას შემდეგ დაიხურა, რაც ევროკავშირმა მას სიმფეროპოლში შესრულებული რეისების გამო სანქციები დაუწესა.