შავი გამონაბოლქვი, რომელიც ასე ძალიან გვაწუხებს ყველას და ტექინსპექტირებას იმედის თვალით შევყურებდით, რეფორმის დაწყებიდან 1 წლის თავზე ისევ შავ გამონაბოლქვად დარჩა. შედეგი მხოლოდ ისაა, რომ ბიუჯეტში ფული შევიდა, ავტომანქანების მეორადი ნაწილები გაძვირდა, თბილისი კი ისევ იწამლება.
მსუბუქი ავტომობილებისგან განსხვავებით, რომელთა შემოწმება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და სატვირთო მანქანებმა ტექინსპექტირება ერთი წლის წინ გაიარეს.
რასაც არ უნდა გვეუბნებოდეს სტატისტიკა, რომ შემოწმდა ამდენი და დახარვეზდა იმდენი, ფაქტია, ყველა, ვინც მანამადე შავ კვამლს აფრქვევდა, ისევ ქუჩაში მოძრაობს. საინტერესო ისაა, რომ ისინი ნამდვილად შემოწმდა და საბუთსაც სახეზე აგაფარებენ.
სად არის მთავარი პრობლემა ? ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რამდენად სწორად გაიცემა ცენტრების მიერ შემოწმების საბუთები, დახარვეზების მიუხედავად მანქანა თუ მაინც მოძრაობს ქუჩაში, ვინ აგებს პასუხს. ცოტა ხნის წინ რომ დააანონსეს კამერების დაყენება, რატომ არ იზრუნეს ამაზე რეფორმის დაწყებამდე და არ იფიქრეს აღსრულების მექანიზმებზე, რას ამბობენ ამ საქმის ექსპერტები და რატომ დაემალა მთავარი პასუხისმგებელი ორგანო – ეკონომიკის სამინისტრო რადიო „ფორტუნას“.
ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ჩვენთან საუბარში რამდენიმე მთავარ პრობლემას გამოყოფს.
„პირველ რიგში მენეჯმენტის პრობლემაა. მაგ. აკრედიტაციის ცენტრს დღემდე გენერალური დირექტორი არ ჰყავს. გარდა ამისა, იკვეთება კიდევ ერთი მთავარი საკითხი – კონკრეტულად ვინ არის რეფორმის მიმდინარეობის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი, ხარვეზები რა არის, როგორ ხდება ამ ხარვეზებთან ბრძოლა. ზოგადად რეფორმაზე პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტროა. დავუშვათ გაჩნდა პრობლემა, რომ მძღოლები ქირაობენ ავტონაწილებს, ან დიზელის ნაცვლად ბენზინს ასხამენ და ისე გადიან ინსპექტირებას, ვინ არის ამის შემმოწმებელი, პოლიტიკის დამგეგმავი“, – აცხადებს მესხიშვილი.
ტექინსპექტირების რეფორმა დაკავშირებულია სამ მთავარ მიზეზთან: ჰაერის გაჯანსაღება, ავარიების შემცირება და ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულება.
რადიო „ფორტუნას“ კითხვაზე, ამ სამიდან პირველი ორი შესრულდა თუ არა, დავით მესხიშვილმა გვიპასუხა:
„ზოგადად პირველი წელი ლოიალურია მოთხოვნების თვალსაზრით, ჩაითვალა, რომ მძღოლები კატალიზატორებს ვერ იყიდდნენ, ეს აგრესიას გამოიწვევდა. ვინც ძალიან აბინძურებს, იმას ახარვეზებენ. მოწმდება, მაგრამ აქ სხვა პრობლემა მივიღეთ. ეს არის აღსრულება. მანქანა, რომელიც დადის ქუჩაში და შავ კვამლს უშვებს, არ ჯარიმდება. ავტომფლობელები ისე გადიან ინსპექტირებას, რომ მინარევებს ურევენ საწვავში და უშაულოდ შემოწმებისას პრობლემა არ ჩანს. მეორე დღეს ისევ იმ დაბალი ხარისხის დიზელს ასხამენ. ანუ ინსპექტირებისას მანქანების ნაწილი იმ მომენტისთვის გამართულია, მერე ასხამს იმავე დიზელს და არის ისევ შავი გამონაბოლქვი“.
მესხიშვილი მიიჩნევს, რომ ყველაფერს ეშველება, თუ სწორი მენეჯმენტი იქნება. მან ჩვენთან სუაბარში აღნიშნა, რომ ისინი აპირებენ, ეკონომიკის მინისტრს მიმართონ წერილით და ამ პრობლემებზე ისაუბრონ, რომ რეფორმა წარმატებული იყოს.
სანამ ჩვენი რესპონდენტი გაუგზავნის წერილს, ეკონომიკის სამინისტროს ჩვენ მივმართეთ. სამი დღის განმავლობაში უშედეგო მიმოწერის შემდეგ, გადავწყვიტეთ სტატიის გამოქვეყნება. პიარმენეჯერი გვპირდებოდა, რომ ვინმეს ჩაგვაწერინებდა, წერილობით პასუხების გამოგზავნაზეც დავთანხმდით, დედლაინიც იცოდნენ, მაგრამ საბოლოოდ დაპირება მხოლოდ დაპირებად დარჩა.
პ. ს. ეკონომიკის სამინისტროს სურვილი ექნება და რესპონდენტს მოძებნის, მზად ვართ მათი პოზიცია ჩვენს ვებგვერდზე დაუყონებლივ განვათავსოთ. მანამდე კი კითხვები: რას აკეთებენ ზემოჩამოთვლილ პრობლემებთან საბრძოლველად; თავად რა ხარვეზებს ხედავენ; რა ნაბიჯებს დგამენ პრევენციისთვის; იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ამდენი ავტომობილი თუ სამარშრუტო ტაქსი ისევ გვბოლავს და გვწამლავს, პასუხგაუცემელია.
“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ კონკრეტულად ავტომობილების ტექინსპექტირებიდან ცოტა დროა გასული და ზუსტი შეფასება ვერ გაკეთდება, თუმცა ის ზოგად ტენდენციებზე გვესაუბრა.
„აქ იკვეთება ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა – ქუჩაში კონტროლის არარსებობა. ჩვენ რომ ექსპერიმენტი ჩავატარეთ, ბევრმა ტექინსპექტირებაგავლილმა მანქანამ ჩვენთან ვერ გაიარა. ისინი ნამდვილად მიდიან ცენტრებში, კომპიუტერული სისტემით მოწმდება და ადგილზე ცენტრის წარმომადგენელი ვერ მოიტყუება, მაგრამ გავრცელებულია მანიპულაციების ამბავი, მძღოლები ამით სარგებლობენ. წესით ეს უნდა ჯარიმდებოდეს. პატრული საკუთარ თავზე ვერ აიღებს ამას, აუცილებლად უნდა შეიქმნას მექანიზმი, მთავარია, რაღაც პერიოდულობით ჩატარდეს ქუჩაში ასეთი შემოწმებები. მოლოდინი და განცდა უნდა ჰქონდეთ მძღოლებს, რომ დამაჯარიმებენ და მანიპულაციები აღარ იქნება. ხელისგულზეა პრობლემის გამომწვევი მიზეზი, ეს თუ არ მოაგვარე, ჩაგივარდება რეფორმა“.
რადიო „ფორტუნა“ მანქანის ნაწილების იმპორტიორებსაც ესაუბრა. „ჯეო ფართს.ჯისა“ და „აუტორამას“ წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ვისაც არ ეზარება მათ ბიზნესში შედის და ეს პრობლემებს ქმნის. რაც შეეხება გაძვირებას, კომპანიის ინფორმაციით, ნაწილები გაძვირდა, თუმცა დოლარის კურსის გამო. ტექინსპექტირებამ კი, მათი ცნობით, მეორად ნაწილებზე იმოქმედა, რაც ელიავაზე ე. წ. დაშლილებში დაგვიდასტურეს. აქ ამბობენ, რომ განსაკუთრებული მოთხოვნა მანქანის ფარებზეა და მოდელების მიხედვით მათ ფასები ბოლო თვეებში საშუალოდ 30-40 ლარით გაიზარდა.
რადიო „ფორტუნა“ თვალს მიადევნებს ტექინსპექტირების პროცესს და რამდენად გააჯანსაღა რეფორმამ გარემო ან რამდენად შეამცირა ავარიები, ამ ინფორმაციას მისი არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მოგაწვდით.