LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიდეოჯარიმასთან ერთად ქულებიც უნდა ჩამოეჭრათ” – რა გამოსავალს ხედავენ სპეციალისტები, რომ შარტავას ქუჩაზე მომხდარი მძიმე ავარია მუდმივ სტატისტიკად არ იქცეს

845
მტავარი ფოტო

ამბავი, რაზედაც დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, არც ახალია, არც იმაზე მძიმე, რაც ამ დრომდე გექნებათ გაგონილ-მოსმენილი, არც პირველი და სამწუხაროდ, არც უკანასკნელი შემთხვევაა სავარაუდოდ.

8 წლის ბიჭი, რომელიც შეიძლება ითქვას, ამ დრომდე ისევ სიცოცხლისთვის იბრძვის, გადარჩენის შემდეგაც უმძიმესი ტრავმით გაატარებს ცხოვრებას – მოჭრილი ფეხით. სულ გვგონია, რომ ეს ჩვენ არ დაგვემართება. ასე ეგონა 8 წლის დათის დედასაც, რომლის შვილიც იცავდა მოძრაობის წესებს და ტროტუარზე, რომელიც სწორედ ფეხით მოსიარულეებისთვისაა განკუთვნილი, იდგა და ტრანსპორტს ელოდა.

ანუ ამით იმის თქმა მინდა, რაც არ უნდა თქვენს შვილს საგზაო წესები ასწავლოთ (რაც მისაბაძი და აუცილებელია), რაც არ უნდა მან გზაზე არაფერი დაარღვიოს, შეიძლება გამოჩნდეს პოტენციური მკვლელი და თქვენს ოჯახში ტრაგედია დაატრიალოს. რა უნდა ვქნათ? უბრალოდ რა უნდა ვქნათ, რომ 8 წლის დათის მშობლების და ახლობლების ადგილას არ აღმოვჩნდეთ – ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ საქმის ექსპერტებისთვის, სპეციალისტებისთვის გვეკითხა გამოსავლის გზები.

 

8 წლის დათის ამბავი

 

ისეთივე დილა იყო, როგორც წინა დღეს, იმავე ადგილას იდგა, როგორც წინა დღეებში. იქვე ცხოვრობს, კორპუსში. დედა ყოველთვის ბინიდან უყურებდა და ასე აცილებდა. ის 8 წლისაა და იცის, რომ ტროტუარზე უნდა იდგეს, სანამ მისი ტრანსპორტი არ მოვა. იცის, რომ ტროტუარზე მისი ადგილია და არა მძღოლის. 8 წლისამ იცის. აი, 37 წლის კაცს შეუძლია ის, რაც ვიდეოკადრებში ვნახეთ – როგორ ცდილობს რამდენიმე მანქანის გასწრებას, ხან მარცხნიდან, ხან მარჯვნიდან, ბოლოს კი საჭეს ვეღარ იმორჩილებს და ტროტუარზე შევარდება. ზუსტად იმ ადგილას, სადაც 8 წლის დათი იდგა.

დაშავებული ბიჭის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, ის უკვე გადაიყვანეს ისრაელის კლინიკაში, შესაბამისი თანხების შესაგროვებლად არაერთი მიმართვა გავრცელდა სოციალურ ქსელებშიც.

„გუშინ გაიღვიძა, მშობლები ნახა, ვერ კონტაქტობს, მაგრამ ემოციებს გამოხატავს“ – შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ ბავშვს ისრაელში გადაიყვანენ 

ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ დათის დედამ გაავრცელა ვიდეო, თუ როგორ უყურებდა ხოლმე ის ფანჯრიდან და როგორ აცილებდა ყოველ დილით 8 წლის ბიჭს, „სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი. მეც ასე ფანჯრიდან ვაცილებდი და ვეფერებოდი ხოლმე ყოველ დილას. ღმერთო მიცოცხლე ჩემი სიყვარული ბიჭი და მეტს არაფერს აღარ გთხოვ“, – წერს დათის დედა.

 

                                                                         

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტანდარტული განცხადება გაავრცელა, სადაც წერია:

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2022 წლის 31 მარტს, ქ. თბი­ლის­ში, ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე დ.ჯ.-მ, რო­მე­ლიც “BMW“-ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და, გა­და­ა­ჭარ­ბა კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რის ზღვარს, მე­ო­რე სა­მოძ­რაო ზო­ლი­დან პირ­ველ სა­მოძ­რაო ზოლ­ში გა­დას­ვლის მა­ნევ­რი “საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და პირ­ველ სა­მოძ­რაო ზოლ­ში მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად დ.ჯ.-ს მარ­თვის ქვეშ მყოფ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნამ მარ­თვა და­კარ­გა, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და, ტრო­ტუ­არ­ზე ავარ­და და იქვე მდგომ 8 წლის ბავ­შვს და­ე­ჯა­ხა. საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არას­რულ­წლო­ვან­მა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო”, – წერია განცხადებაში.

პროკურორმა კი თქვა, რომ როგორც “ექსპერტიზით დადგინდა, მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება, მაგრამ შემთხვევის დროს არ იმყოფებოდა ზემოქმედების ქვეშ”.

ბრალ­დე­ბუ­ლი 37 წლის და­ვით ჯა­ლა­ღო­ნი­აა. მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ელოდება.

 

სტატისტიკა და პრევენცია

“სამოქალაქო ალიანსი გზების უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ქულების სისტემასა და ჭკვიანი კამერების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს. მანამდე კი სტატისტიკაზე გვიყვება.

“სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, 2021 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რიცხვი – 16%-ით, თავად საგზაო შემთხვევების რაოდენობა კი  17%-ით გაიზარდა, რაც გვეუბნება, რომ რაღაც გასაკეთებელია. რაც შეეხება შემთხვევებს, კონკრეტული ფაქტი რომ ავიღოთ, 8 წლის ბიჭის შემთხვევა, განსაკუთრებით როცა ვხედავთ, რომ დილაა, გაქვს მოლოდინი, რომ უფრო მშვიდად უნდა ვიაროთ და ვხედავთ, მძღოლი ასე დადის, ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს განცდა, რომ მის ასეთ აგრესიულ ქმედებას რეაგირება მოჰყვება. ქულათა სისტემა სწორედ ამ ტიპის მძღოლებისთვის მივიღეთ, რომელსაც არც ცნობიერების ამაღლება და არც ჯარიმა შველის. ქულები უნდა იყოს ჭკვიან კამერებთან მიბმული. ყველაფერი უნდა აღირიცხებოდეს ჭკვიანი კამერების მიერ, ფულად ჯარიმასთან ერთად უნდა აკლდებოდეს ქულები. ეს არის ყველაზე სწრაფად შესაცვლელი”, – ამბობს ლალიაშვილი. 

"ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილებიდან 36% ქვეითია... ფეხით მოსიარულეს ვერ დავადანაშაულებთ, თუკი ინფრასტრუქტურა ხელს არ უწყობს" - გელა კვაშილავა

ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაერო-ს ექსპერტის თქმით, საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები როგორ კანონმდებლობის, ისე აღსრულების კუთხით არის გამოხატული.

მისი თქმით, სიჩქარის გადაჭარბების მასშტაბის მიხედვით, საჭიროა და ახლაც არსებობს გარკვეული რანჟირება. “შეიძლება ოდნავ გადააცილოს დადგენილ სიჩქარეს, მაგრამ არ შექმნას საფრთხე. როცა შემთხვევითი არაა და შეგნებულია, მას უფრო მეტი ქულა უნდა ჩამოეჭრას. სწორედ მათთვისაა ეს, ვისაც შეუძლია 1000 ლარის გადახდაც, მას ჩამოეჭრება ქულები და დაკარგავს მართვის უფლებას. საპატრულო პოლიცია ბევრ საგზაო დარღვევაზე ფიზიკურად რეაგირებას ვერ შეძლებს, რატომ არსებობს ჭკვიანი კამერები, თუ შევქმნით იმ გარემოს, რომ ადამიანი იყოს გაფრთხილებული, რომ ნებისმიერ დარღვევაზე პასუხი გაეცემა, მერე ის უკვე ფრთხილად იქნება და ჩვევა გამოუმუშავდება”, – გვეუბნება დარგის სპეციალისტი. 

ავტოავარიები, ზოგი გარდაცვალებით, ზოგი კი ადამიანის დაშავებით დასრულებული, სამწუხაროდ ჩვენი ყოველდღიურობაა. ფაქტობრივად, დღე არ გავა, სადმე ცენტრალურ ქუჩასა თუ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ გავიგოთ.

პეკინის გამზირზე ავტომობილი ტროტუარზე მდგომ 2 ადამიანს დაეჯახა