თბილისის ცენტრალურ ნაწილში 10 მრავალსართულიანი პარკინგის ადგილი მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
დედაქალაქის მერმა კომენტარი გააკეთა საკრებულოს დეპუტატის ნუგზარ მალაღურაძის განცხადებაზე, რომელიც დედაქალაქში პარკინგის თემას ეხებოდა. მალაღურაძე მიიჩნევს, რომ ევროპული დიდი ქალაქების მსგავსად აუცილებელია, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი დაწესდეს, რაც ბიუჯეტშიც აისახება.
აღნიშნულთან დაკავშირებით დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში პარკირების მაღალი ტარიფები მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქშია აპრობირებული, თუმცა ჯერჯერობით ჩვენთან ეს საკითხი აქტუალურად არ დგას.
მისივე თქმით, თბილისის მერია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობის მიზნით ტენდერის გამოცხადებაზე მუშაობს. კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაციის მომზადება სრულდება, რომლის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.
„ქალაქის ცენტრალურ ნაწილში პარკირების მაღალი ტარიფები მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქშია აპრობირებული, თუმცა ჯერჯერობით ჩვენთან ეს საკითხი აქტუალურად არ დგას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც გადატვირთულია მოძრაობა და პარკირების ადგილები ჭირს, გავაჩინოთ მრავალსართულიანი პარკირების ადგილები. სწორედ ამიტომაც შემუშავდა ის 10 პროექტი, რომელზეც უახლოეს მომავალში კონკურსი გამოცხადდება, რათა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალსართულიანი პარკინგები აშენდეს“, – აღნიშნა ნარმანიამ.
დედაქალაქის მერია დაინტერესებულ ინვესტორს პარკინგის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთს გადასცემს. შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული ინვესტორი ავტომანქანის პარკინგის ტარიფს თავად განსაზღვრავს.
შეკითხვაზე, შეძლებს თუ არა მერია გააუქმოს ”სითი პარკთა” ხელშეკრულება, ნარმანიამ აღნიშნა, რომ მრავალსართულიანი პარკინგის ადგილების გაჩენით „სითი პარკთან“ ხელშეკრულება ვერ გაუქმდება, თუმცა, ვერც „სითი პარკი“ ვერ შეუშლის ხელს მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობას, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ძალიან ბევრ რამეზე ექსკლუზივი აქვს.
„სითი პარკთან“ ჩვენი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია და ის პოზიტიური ნამდვილად არ არის. პარკინგის ადგილებს დამატებით ვაჩენთ, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს დისკომფორტი შევუმციროთ“, – განაცხადა ნარმანიამ.
ინტერპრესნიუსი