თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ 2025 წელი მრავალფეროვანი პროექტებით, ახალი მედიათეკების გახსნითა და ეფექტური საქმიანობით დაასრულა.
ნინა ანჯაფარიძე, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი:
– 2025 წელი საკმაოდ დატვირთული, მრავალფეროვანი, შედეგზე ორიენტირებული წელი იყო. როდესაც ანგარიშს ვამზადებდით, თავადაც გავოცდი, თურმე რამდენი რამ გაგვიკეთებია. ცხადია, ეს ძალიან კარგი კოლექტივის დამსახურებაა და რაც მთავარია, თბილისის მერიის ინტენსიური მხარდაჭერის.
დავიწყოთ ინფრასტრუქტურით, მოგეხსენებათ, დედაქალაქის მერია 2021 წლიდან არის ჩართული ახალი მედიათეკების გახსნაში, ბიბლიოთეკების რეაბილიტაციაში. ჩვენ გავხსენით სამი მედიათეკა: დიდი დიღმის, თემქის და ვარკეთილის (ვარკეთილში უკვე ორი მედიათეკა იფუნქციონირებს, რადგან ეს არის ძალიან დიდი რაიონი, ბევრი მოსახლით). ასევე წელს გავხსენით იაკობ გოგებაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით. ზოგადად, ჩვენი საქმიანობა ეფუძნება წიგნადი ფონდის, ინვენტარის განახლებას.

წლევანდელი წელი მნიშვნელოვანი იყო ახალი პარტნიორების შეძენითაც. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები:
თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტს ბავშვებისა და მოზარდებისთვის სპეციალურ სივრცეებში. ამ პროექტებით, რომლებიც დიდი მოწონებით სარგებლობენ, ვცდილობთ, ბავშვებს შევაყვაროთ კითხვა, გავუადვილოთ ურთიერთობა თანატოლებთან, თუ უფროსი თაობის ადამიანებთან (ამ მხრივ აღსანიშნავია პროექტები „კომუნიკაციის ხელოვნება“ და „კრიტიკული აზროვნება“). გვაქვს ინკლუზიური პროექტებიც, შეხვედრები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ისტორიის გაცნობის მიზნით და ა.შ. ჩვენ ხშირად გვსტუმრობენ ცნობილი მწერლები, ილუსტრატორები, რომლებთან ერთადაც ბავშვები თვითონ აკეთებენ ხელნაკეთ წიგნებს, აცოცხლებენ პერსონაჟებს, ქმნიან ანიმაციებს.

იქიდან გამომდინარე, რომ ვართ მულტიფუნქციური, კულტურულ-საგანმანათლებლო გაერთიანება, ვცდილობთ, ყველა ასაკის, სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებს მოვარგოთ ჩვენი პროექტები. ამის დასტურია „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“, რომელიც, ალბათ, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. ბიბლიოთეკა და მედიათეკა, ზოგადად, სიჩუმესა და მყუდრო გარემოსთან ასოცირდება, მაგრამ აი, ამ 60 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებმა ფიზიკური, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობებით სრულიად სხვა ხიბლი შესძინეს ჩვენს სივრცეებს. 60+ კლუბი ფუნქციონირებს მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში, თემქის მედიათეკაში და მესამე გაიხსნება ვარკეთილის მედიათეკაში. ეს კლუბი არის ამ ადამიანების ცხოვრების გადატვირთვა – როდესაც უკვე პირნათლად აქვთ შესრულებული მოვალეობები, ვალდებულებები და შეუძლიათ მოიცალონ საკუთარი თავებისთვის, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი ნიჭი და შესაძლებლობები. სხვათა შორის, 20 დეკემბერს, ეროვნული სასახლის პირველ რესპუბლიკის დარბაზში კლუბის წევრების მონაწილეობით საანგარიშო ღონისძიება ჩავატარეთ. ამ ადამიანებმა, გარდა იმისა, რომ საკონცერტო ნომრებით წარდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე, საკუთარი მხატვრული ტილოები და ხელნაკეთი ნივთებიც გამოფინეს. მომავალ წელს ამ კლუბის წევრებს ახალ პროგრამებს შევთავაზებთ.