2022 წლის 4 და 5 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში პირველი საერთაშორისო ფორუმი, კომუნიკაციების სფეროში, „თბილისის პიარის დღეები“ გაიმართება. ფორუმის ფარგლებში საზოგადოებასთან ურთიერთობის, მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები, პანდემიის პერიოდში პიარისა და მარკეტინგის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ.
„თბილისის პიარის დღეები“ ახალი პროექტია, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, წამყვან პროფესიონალებს აერთიანებს.
ფორუმის ინიციატორები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსის სტუდენტები არიან. ღონისძიების მთავარი მიზანია, საქართველოში პიარის სფეროს განვითარება და ქვეყნებს შორის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
ფორუმი წელს პირველად იმართება და ორგანიზატორებს სურვილი აქვთ, ის ყოველწლიური გახდეს.
თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ნატა ავლოხაშვილი – ფორუმის „თბილისის პიარის დღეები“ თანადამფუძნებელი და კოორდინატორი საუბრობს.

– ფორუმი საქართველოში პირველად იმართება. აქამდეც იყო მცდელობები, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი ჩატარება. საიდან გაჩნდა იდეა და რატომ გადაწყვიტეთ მსგავსი ფორუმის გაკეთება?
– მცდელობები, რომ ყოფილიყო სივრცე, სადაც ინდუსტრიის წარმომადგენლები შეიკრიბებოდნენ, მანამდეც ყოფილა, მაგრამ კომუნიკაციების სფეროში ეს პირველი საერთაშორისო ფორუმია, რომელიც საქართველოში გაიმართება.
მსგავსი ფორუმების გამართვა დამკვიდრებული პრაქტიკაა მსოფლიოში. გვინდოდა, საქართველოშიც შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმომადგენლები გაერთიანდებოდნენ და დაინტერესებულ საზოგადოებასა და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებდნენ. ისაუბრებდნენ იმ ცვლილებებზე და გამოწვევებზე, რომელიც არსებობს პიარისა და კომუნიკაციების სფეროში.
ჩვენთვის, როგორც პიარის სპეციალისტებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მსგავსი გამოცდილების მიღება, ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა და დაგვეფუძნებინა ასეთი ფორუმი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყოველწლიურ სახეს მივცემთ.
– ვინ არიან მოწვეული სტუმრები, რა პროგრამა გაქვთ? საერთაშორისო კუთხით ვინაა ჩართული?
– ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები მოვიწვიეთ, ონლაინ სივრცეში შემოგვიერთდებიან იტალიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და სერბეთიდან.
ისინი იმ სფეროზე ისაუბრებენ, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში მიმდინარეობს პიარის მიმართულებით, იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ წლების განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა კრიზისის გამო წარმოიშვა და რომელსაც მოუწია კომუნიკაციების სფეროსთან ადაპტირება. ისინი დამსწრე საზოგადოებას მისცემენ შესაძლებლობას, რომ მათთვის საინტერესო საკითხზე კითხვები დაუსვან და სრულყოფილი პასუხები მიიღონ.
– როგორც ვიცი, მეორე დღეს უკვე ქართველი მონაწილეები გყავთ. ვინ არიან ისინი და რა თემებზე ისაუბრებენ?
– მეორე დღის ღონისძიებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. მოვიწვიეთ საქართველოში და რეგიონში მოწინავე კომპანიები, პიარ სპეციალისტები და დამფუძნებლები. ისინი იმ გამოწვევებსა და ცვლილებებზე ისაუბრებენ, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წარმოეშვათ. თუ როგორ ადაპტირდნენ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით.
გვსურდა, რომ მრავალი ინდუსტრიის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ მოწვეული, ვინაიდან სხვადასხვა ინდუსტრიაში სხვანაირად მიმდინარეობს პროცესები. მოწვეული პროფესორები ისაუბრებენ საკუთარ სტრატეგიებზე, კომუნიკაციების სფეროზე, პიარ სფეროზე, რომელიც განახორციელეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
– კომუნიკაციები ძალიან სწრაფად იცვლება. შეიძლება ძველი დაწერილი წიგნებიდან ვეღარ ისწავლო და არ გამოგადგეს. რა ძირითადი ცვლილებებია ბოლო ხუთ წელიწადში, რაზედაც გამახვილდება ყურადღება თქვენს ფორუმზეც. აშკარაა, რომ პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა მიდგომები კომუნიკაციის სფეროშიც.
– მთავარი გამოწვევა, რომელიც კომპანიებს დაუდგათ, არის რეალობა, რომ საერთოდ შეცვალეს პიარკამპანია პანდემიის გამო.
ფორუმზე მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ კრიზისს და რა სტრატეგიები შეიმუშავეს იმისთვის, რომ მიუხედავად პანდემიისა და მიუხედავად სრულიად შეცვლილი რეალობისა, გარემოზე ადაპტირება მოახდინონ და წარმატებას მიაღწიონ.
– ვინ არის ფორუმის ორგანიზებაში თქვენს გარდა ჩართული?
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველაფრის ორგანიზება ჩვენ გავაკეთეთ.
– შემდგომში როგორ ხედავთ იდეის განვითარებას? ხომ არ იქნება ეს შეკრება შეკრებისთვის?
– გვინდა, რომ ამ ყველაფერმა ფართომასშტაბიანი სახე მიიღოს, რეგიონალურ დონეზე მაინც. გვსურს შევქმნათ ისეთი რამ, რაც აღმოსავლეთ ევროპასა და ჩვენ რეგიონს გააერთიანებს და ფართომასშტაბიან სახეს მისცემს. ამ შემთხვევაში ჩაერთვებიან არამხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც საქართველოში ფუნქციონირებს, არამედ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც.
შესაბამისად ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ფორუმს მიეცემა ყოველწლიური სახე და გვინდა, რომ მასშტაბი გავზარდოთ და საქართველო, როგორც პიარში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, სამყარომ გაიცნოს და იყოს ცნობადი ამ კუთხითაც.
– პოლიტიკური აქტივობების სფეროსაც თუ შეეხებით?
– ამით დაინტერესება, რა თქმა უნდა, გვქონდა. წლევანდელი წლის მთავარი მიზანი იყო ის, რომ კომპანიებზე გვქონოდა ყურადღება გამახვილებული, თუ როგორი გამოწვევები ჰქონდათ, ამაზე დავაადაპტირეთ მთელი ფორუმი და მომავალში, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი სახის აქტივობები დავგეგმოთ ფორუმში.