LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისის პროტესტის მიუხედავად, რუსეთსა და აფხაზეთს შორის თვითმფრინავები იფრენენ“ – რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩი

122
ალხას კვიცინია

„რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა გეგმის შესაბამისად დაიწყება საქართველოს მცდელობის მიუხედავად, რუსულ ავიაკომპანიებს სოხუმის აეროპორტში ფრენები აუკრძალოს“, – ამის შესახებ რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩმა, ალხას კვიცინიამ რუსულ РИА Новости-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ე.წ. ელჩის თქმით, „საქართველოს ქმედებებს ობიექტურად გარდაუვალ პროცესში ჩარევის მცდელობად მიიჩნევს“:

„საქართველოს ქმედებებს ობიექტურად გარდაუვალ პროცესში ჩარევის მცდელობად მივიჩნევთ. აფხაზეთი და რუსეთი უკვე შეთანხმდნენ საჰაერო მიმოსვლაზე და ის გრაფიკის მიხედვით დაიწყება. მოვუწოდებთ თბილისს, უარი თქვას კონფრონტაციულ რიტორიკაზე და ხელი მოაწეროს ჩვენთან შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, თვითმფრინავები იფრენენ და თბილისის პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთისა და რუსეთის მაცხოვრებლებს ერთმანეთთან თავისუფლად ფრენა შეეძლებათ“, – განაცხადა ალხას კვიცინიამ.

კვიცინიას თქმით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) რუსული ავიაკომპანიებისთვის სოხუმში ფრენების აკრძალვის მოთხოვნით მიმართა.

„საქართველოს თვალსაზრისით, სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირება უკანონოა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციას არღვევს, რადგან აეროპორტს არ აქვს თბილისის სერტიფიკატი…

დიახ, ფორმალურად საქართველო ICAO-ში უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს და ჩვენი აეროპორტის კოდი იქ 2006 წლიდან გაუქმებულია. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს: მოსკოვი-სოხუმის დაგეგმილი რეისები არავის უსაფრთხოებას არ არღვევს“, – აღნიშნა კვიცინიამ.

მისი თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყების ოფიციალური თარიღი 1-ელი მაისია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g