LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსის მოპოვება სურს

35

“თბილისის ევროპულმა ახალგაზრდულმა ცენტრმა“ პირველი ახალგაზრდული კონფერენცია გამართა.

ცენტრი 2017 წლის თებერვალში განაცხადის გაკეთებას გეგმავს, რათა 2020 წელს თბილისმა ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსის მოპოვება შეძლოს.

აღნიშნული სტატუსი ევროპულ ქალაქებს ერთი წლის ვადით გადაეცემა და ამით შანსი ეძლევათ, ქალაქი ევროპის მასშტაბით წარმოაჩინონ, ასევე წლის განმავლობაში ორგანიზება გაუწიონ ადგილობრივ და ევროპულ ახალგაზრდულ აქტივობებს, ხელი შეუწყონ ქალაქის სოციალური, ეკონომოკური და კულტურული განვითარების პროცესს და შესაბამისად წარმოაჩინონ სტატუსის მქონე ქალაქი.

სტატუსის მოპოვება სისტემური და გრძელვადიანი პროცესია.
“ჩვენი ამოცანაა, რომ თბილისი ახალგაზრდული თვალსაზრისით იყოს უფრო მეტად აქტიური, იყოს უფრო მეტად ცოცხალი, სწორედ ამიტომ, თბილისის მერია ბევრ საინტერესო პროექტს და პროგრამას ახორციელებს, თუმცა, აქ არ ვჩერდებით და ვამზადებთ აპლიკაციას იმისათვის, რომ 2020 წელს თბილისს მიენიჭოს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსი. ამ მიზნით, 2016 წლის განმავლობაში, ბევრი სხვადასხვა სახის მოსამზადებელი სამუშაო გვექნება ჩასატარებელი, რათა 2017 წლის გაზაფხულზე შესაბამისი განაცხადი წარვადგინოთ და 2020 წლისთვის მივიღოთ ისეთი ქალაქი, სადაც ძალიან ბევრი ევროპული სტილის ახალგაზრდული და კულტურული ღონისძიება ჩატარდება. ჩვენ რამდენიმე პროექტი უკვე დავიწყეთ, მათ შორის არის თბილისში ევროპული ტიპის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, სხვადასხვა სახის ევროპული მასშტაბის ახალგაზრდული ღონისძიებების ჩატარება და სხვა. ეს ყველაფერი იქნება საკმაოდ კარგი ბაზისი, რათა 2017-ში უფრო თავისუფლად და თამამად გავაკეთოთ განაცხადი სტატუსის მოპოვებაზე“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსი პირველად 2009 წელს როტერდამს (ნიდერლანდები) გადაეცა. მომდევნო წლებში კი დამკვიდრდა პოლიტიკა, რომელიც ევროპის ყველა ქალაქს შესაძლებლობას აძლევს გააკეთოს განაცხადი სტატუსის მოპოვების შესახებ. შემდგომ წლებში, ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსით სარგებლობდნენ: ტურინი (იტალია), ანტვერპენი (ბელგია), ბრაგა (პორტუგალია), მარიბორი (სლოვენია), თესალონიკი (საბერძნეთი), კლუჟ-ნაპოკა (რუმინეთი). 2016 წელს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსი განჯას (აზერბაიჯანი), 2017 წელს ვარნას (ბულგარეთი), ხოლო 2018 წელს კაშკაიშის (პორტუგალია) გადაეცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები