LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისსა და ტაშკენტს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება განიხილება

99

საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დღის წესრიგითაც გათვალისწინებულია საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაში მონაწილეობის მიღება. დელეგაციას უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი ხელმძღვანელობს.

„ჩვენთვის ძალიან საინტერესოა უზბეკეთში როგორც ექსპორტი, აგრეთვე ის ტრანზიტული შესაძლებლობები, რომელიც შეგვიძლია უზბეკურ მხარეს შევთავაზოთ საკუთარი პროდუქციის მესამე ქვეყნებში გადასატანად. უზბეკეთთან ჩვენ გვაქვს პოზიტიური სავაჭრო ბალანსი შარშანდელი წლის მდგომარეობით და ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება. თუმცა მოცულობები, რომელიც უზბეკეთთან გვაქვს, არ შეესაბამება იმ შესაძლებლობებს, რომლებიც გაგვაჩნია. ამდენად, ჩვენი ამოცანაა, ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და დამატებითი დოვლათი,“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვისა და ტურისტული პოტენციალის განვითარება, ასევე პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობა თბილისსა და ტაშკენტს შორის.

სამინისტროს ინფრომაციით, შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა თანამშრომლობის მიმართულებები ტრანსპორტის სფეროში. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა პრიორიტეტულად განიხილავს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებასა და რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის ფორმირებას, რაც აღნიშნულ დერეფანში საერთაშორისო ტვირთ და მგზავრთ ნაკადების ზრდაში უნდა აისახოს.

შეხვედრაზე მხარეები საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g