უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ.
აღნიშნული რეკომენდაცია მოქალაქეებისთვის დღეს გაიცა.
მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე, საბჭომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებები განიხილა.
როგორც სხდომაზე ითქვა, თბილისში აღინიშნება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა, თუმცა მკაცრი სისტემური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეასრულონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რჩევები, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეინარჩუნონ მუშაობის დისტანციური რეჟიმი.
იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში მობილობა განსაკუთრებით მაღალია და ვირუსიც შესაძლოა უფრო სწრაფად გავრცელდეს, საბჭოს რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ, რამდენადაც ის მსოფლიოში ამ ეტაპზე თავდაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა.
