თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა არ განიხილება.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, რატომ არის აუცილებელი, რომ გარე სივრცეშიც პირბადეები გვეკეთოს.
„გარე სივრცეში იგულისხმება ყველაფერი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებები. ამას გააკონტროლებს პოლიცია და შრომის ინსპექცია. თუ ვდგავართ 5 ადამიანი და დისტანციას ვერ ვიცავთ, ან არ არის ამის საშუალება, მნიშვნელოვანია, რომ პირბადე გვეკეთოს. სასურველია პირბადე ეკეთოთ მოქალაქეებსაც, რომლებიც ფეხით გადაადგილდებიან. გვაქვს სიტუაციები ქუჩაში, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. აქ რა თქმა უნდა, მკაცრად რეკომენდირებულია, რომ პირბადე გვეკეთოს. მაგრამ, თუ გარშემო ადამიანები არ იმყოფებიან და დისტანციის დარღვევას ადგილი არ აქვს, იქ ვიტყოდი, რომ სასურველია“ , – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, მოსახლეობა ვირუსთან თანაცხოვრებასა და გარკვეული წესებით ცხოვრებას ეჩვევა.
“ეს მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება შევაფასოთ. ჩვენი მოქალაქეების მხრიდან სახეზეა ურთიერთთანამშრომლობა. არის დარღვევები, თუმცა სულ უფრო და უფრო შეინიშნება თანაცხოვრებასთან და წესებთან შეგუება. იმედია, ეს ტენდენცია შენარჩუნდება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში პირბადე ქუჩაშიც უნდა გვეკეთოს
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, პრობლემები, რომელიც ცხელი ხაზების გადატვირთულობასთან იყო დაკავშირებული, მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება.
„დღეს 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ზოგადად, მატების ტენდენცია გრძელდება და ეს პროცესი გაგრძელდება, ანუ შემთხვევების მატება კიდევ იქნება. ამის მიუხედავად, დღეს ჩვენ გვაქვს პირველი დღე, როცა ადაპტაციის პროცესში გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება. ხარვეზები, რა თქმა უნდა, ბევრია, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა, ეს ხარვეზები რაც მართვის პროცესშია, ნაბიჯ-ნაბიჯ სწორდება და ამ პროცესში შტაბი, თითოეული სამინისტრო და ყველა შესაბამისი პასუხისმგებელი პირი ჩართულია. თუ ჩვენ გვექნება წეესების შესრულების, განსაკუთრებით, პირბადის ტარების და დისტანციის დაცვის ნაწილში 90%-იანი შესრულება, ვირუსის გავრცელების შენელება 70%-ით არის შესაძლებელი. ამიტომ, ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაიმახსოვროს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
