LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა ახვლედიანი – საგანგაშოა, როცა უკანონო ოკუპაციის სასტიკი სახე ვლინდება ადამიანის ფუნდამენტური უფლების – სიცოცხლის ხელყოფასა და დამნაშავე პირთა დაუსჯელობაში

136
imedi-poto-2023-12-12t194333-932

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკაზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ საგანგაშოა, როდესაც უკანონო ოკუპაციის სასტიკი სახე ვლინდება ადამიანის ფუნდამენტური უფლების – სიცოცხლის ხელყოფასა და დამნაშავე პირთა დაუსჯელობაში.

თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევებსა და სიცოცხლის ფუნდამენტური უფლების ხელყოფაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას.

„განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც უკანონო ოკუპაციის სასტიკი სახე ვლინდება ადამიანის ფუნდამენტური უფლების – სიცოცხლის ხელყოფასა და დამნაშავე პირთა დაუსჯელობაში. 6 ნოემბერს, საოკუპაციო ძალის წარმომადგენლების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის უმძიმესი ფაქტი გახლდათ სწორედ უკანონო ოკუპაციის კიდევ ერთი შემზარავი გამოვლინება.

მსურს ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევებსა და სიცოცხლის ფუნდამენტური უფლების ხელყოფაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას, რაც უკვე სამართლებრივადაც განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის გადაწყვეტილებით.

სახელმწიფო მინისტრი: შერიგების პოლიტიკა ხორციელდება იმისათვის, რომ დეოკუპაციის პერიოდისთვის აღმოფხვრილ იქნეს კონფლიქტი ადამიანთა დონეზე, დაძლეულ იქნას გაუცხოება და მიზანმიმართულად შექმნილი ნეგატიური განწყობები

ჩვენი მხრივ, საქართველოს ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება, კომპეტენციის ფარგლებში და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, ვახორციელებთ ერთობლივ ძალისხმევას ყველა ხელთ არსებული ფორმალური თუ არაფორმალური ინსტრუმენტის გამოყენებით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჰუმანიტარულ ჭრილში უმოკლეს ვადაში გათავისუფლების და ჩვენი მოქალაქეების მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის უზრუნველსაყოფად.

აქვე მსურს გამოვეხმაურო ოკუპირებული გალის რაიონში თემურ კარბაიას მკვლელობის ფაქტს, რომელსაც მოჰყვა შეუსაბამო განცხადებები თუ სპეკულაციები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან თითქოს არასათანადო რეაგირებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და აქვე, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზის გააქტიურება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კი აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით და დაწყებულია გამოძიება. შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მიერ გრძელდება დამატებითი ინფორმაციის მოძიება მომხდართან დაკავშირებით. მიმდინარე უკანონო ოკუპაცია და მისი ყოველდღიური უმძიმესი შედეგები არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რომელსაც საჭიროა დავუპირისპირდეთ ერთიანი ძალისხმევით და საერთო საზოგადოებრივი კონსოლიდაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციისა და თანამშრომლობის საფუძველზე.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი, აქტიურად არის ჩართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგებთან გამკლავების უმთავრესი პლატფორმაა, ასევე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერგნეთის მექანიზმის რეგულარულ შეხვედრებში, სადაც საქართველოს დელეგაციის მიერ მთელი სიმწვავით დგება და განიხილება ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მათ შორის, დევნილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობა. ამასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვაგრძელებთ ძალისხმევას გალის მიმართულებით IPRM-ის შეხვედრების – ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აღდგენის უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g