LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეგეტა ჰოლდინგს“ ახალი CEO ჰყავს – რა ხედვებითა და გეგმებით იწყებს საქმიანობას ეკატერინე ქავთარაძე

538
ეკატერინე ქავთარაძე

„თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ეკატერინე ქავთარაძე გახდა. თითქმის 30-წლიან ისტორიაში პირველად, ავტოინდუსტრიის ლიდერ კომპანიას ქალი ხელმძღვანელი ჰყავს.

ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, „ევექსის  ჰოსპიტლები“ და „ვიანი“ – „თეგეტა ჰოლდინგამდე“ ეკატერინე ქავთარაძე ჯანდაცვის ინდუსტრიაში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. კერძო და საჯარო სექტორში, საერთო ჯამში, 20-წლიანი გამოცდილება დააგროვა და ახლა მის კარიერაში ავტოინდუსტრიის დროა. ჰოლდინგის მასშტაბურობა და მრავალფეროვნება არა თუ არ აშინებს, არამედ გამოწვევად იღებს და CEO-ს პოზიციის დაკავებიდან ერთ თვის თავზე განვითარების მისეული ხედვაც მზად აქვს. მიიჩნევს, რომ „თეგეტას“ გუნდის პროფესიონალიზმი და წარმატებისკენ სწრაფვა მთავარი კაპიტალია კომპანიაში, სადაც წინსვლისა და განვითარების დიდი შესაძლებლობებია.

„თეგეტაში“ მუშაობა, ერთი მხრივ, ინტერესით და ამავე დროს გამოწვევებითაა სავსე. ჰოლდინგი ნამდვილად არის გამორჩეული ვარსკვლავი თავისი ისტორიითა და განვითარებით. ამიტომ, როდესაც, როგორც ხელმძღვანელი, საკუთარ თავს უსვამ შეკითხვას, რას შესძენ უმსხვილეს კომპანიას, დიდ მოტივაციასთან ერთად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ერთი რამ ზუსტად ვიცი, ძალისხმევას არ დავიშურებ იმისთვის, რომ შევქმნა გარემო სადაც თითოეულ თეგეტელს ექნება საშუალება გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი და „ავტომობილის ყოლის გამოცდილება „თეგეტასთან“ ერთად“ ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის სასიამოვნო და სასურველი მოგზაურობა გახდეს.

აქ არიან ადამიანები, რომლებიც ორი ათეული წელია, ან შესაძლოა მეტიც, „თეგეტას“ ერთგულად მიჰყვებიან. ჰოლდინგი გამორჩეულია თანამშრომელთა მიმართ ლოიალობით და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ კომპანიის მაღალ მენეჯმენტში თითქმის ყველა თანამშრომელმა „თეგეტაში“ მუშაობა გაყიდვების კონსულტანტის პოზიციიდან დაიწყო. ამ კულტურას მხოლოდ სწორი სისტემები და სწორი მოტივაცია ქმნის. ჩემი ამოცანაა, „თეგეტას“ გუნდის თითოეულ წევრს ჰქონდეს არა მხოლოდ განცდა, არამედ სათანადო რწმუნება, რომ „თეგეტას“ დამფუძნებელთან ერთად, თავად არიან თეგეტას წარმატების ისტორიის შემქმნელები და მათ შექმნეს „თეგეტას“ ის უნიკალური მულტიბრენდული სერვისის მოდელი, რომლის ანალოგი არ არსებობს არათუ საქართველოში, არამედ რეგიონის მასშტაბით.

„თეგეტა“ არის კომპანია, რომლის მიმართაც მომხმარებლის მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. ამას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. „თეგეტამ“ საქმიანობა რთულ 90-იან წლებში დაიწყო, მაშინ როდესაც საავტომობილო მომსახურების მიღება მხოლოდ ე.წ. გარაჟებში იყო შესაძლებელი. ეს მოცემულობა კომპანიამ რადიკალურად შეცვალა. ქვეყანაში მსოფლიო ბრენდები შემოიყვანა და თანამოქალაქეებს სრულიად განსხვავებული სერვისი და გარემო შესთავაზა.

დღეს კი უკვე ავტომფლობელები მანქანასთან დაკავშირებულ ოცნებებსა თუ სურვილებს სწორედ „თეგეტას“ უკავშირებენ, რომელმაც მომსახურების სტანდარტი აბსოლუტურად შეცვალა. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ არა თუ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არამედ ევროპაშიც კი არ არის ისეთი ტიპის სერვისი, ასე მასობრივად ხელმისაწვდომი, როგორიც „თეგეტას“ გუნდმა შექმნა. ცხადია, ამ მიღწევებს, მსოფლიო განვითარების კვალდაკვალ, მუდმივი გაუმჯობესება სჭირდება“, – ეკატერინე ქავთარაძე.

ახალი აღმასრულებელი ოფიცრის გეგმებში უკვე განსაზღვრულია მთავარი ფოკუსი: ნებისმიერი მიღწევის სჯერა მხოლოდ რეალიზებული და კმაყოფილი თანამშრომლის და კმაყოფილი მომხმარებლის პირობებში. ამბობს, რომ დაფასებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში მომუშავე თანამშრომელს ძალუძს მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა, კრეატიული და ინოვაციური გადაწყვეტების შექმნა და დანერგვა, შესაბამისად, მიზნის მიღწევის მთავარ გზად სწორედ ის პერსპექტივა მიაჩნია, სადაც თანამშრომლის და მომხმარებლის თვალებით ხედავს საჭიროებებს და მუდმივად ზრუნავს მეტი შესაძლებლობების შექმნაზე.

„ერთგვარი ჯაჭვია, როგორ რეალიზდება თანამშრომელი და კომპანია. როგორც ლიდერისთვის, ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მინდა, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრისათვის კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს მათი ინდივიდუალური წვლილი და დაფასება.

მეორე – ეს არის მომხმარებელი. მუდმივად უნდა შევძლოთ მომხმარებლის თვალებით შევხედოთ საკუთარ თავს – ამისთვის, მაქსიმალურად მეტი არხით მივიღოთ ინფორმაცია როგორ აღიქვამს ის ჩვენს სერვისს და ავირჩიოთ გზა, სადაც გაუმჯობესებისკენ მიმართული ინიციატივებს/პროექტებს საფუძვლად სწორედ მომხმარებლის ხმა დაედება და ჩვენი მომხმარებელი ყოველ შემდგომ სერვისზე თავად იგრძნობს, რომ მოსმენილი და გათვალისწინებულია მისი რჩევები და საჭიროებები.

ცალკე გამოვყოფდი მსუბუქ ავტომობილებს, მძიმე და სპეც ტექნიკას. ამ მიმართულებით „თეგეტა“ საცალო მომხმარებლების, სახელმწიფო თუ კომერციული ორგანიზაციების ინსტიტუციური მოკავშირეა. მნიშვნელოვანია, ჩვენი მომხმარებლისათვის „თეგეტასთან“ ერთად მანქანის/ტრანსპორტის ყოლის გამოცდილება ასოცირდებოდეს მყარ პარტნიორობასთან და რომ ამ პროცესში მათი ბიზნესის უწყვეტობა გარანტირებული იყოს“,ამბობს ეკატერინე ქავთარაძე.

ჰოლდინგის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა სიახლეებსა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრისას ინტრიგა დაგვიტოვა და თქვა, რომ ჰოლდინგი უახლოეს მომავალში ქართველ მომხმარებელს დიდ სიახლეს უმზადებს მსუბუქი ავტომობილების ხაზში და ამ სიახლის შესახებ მომხმარებელი უახლოეს პერიოდში შეიტყობს.

ჰოლდინგის განვითარების მნიშვნელოვანი ხაზი საერთაშორისო განვითარება იქნება,  იგეგმება წარმომადგენლობების გაზრდა რეგიონის ქვეყნებში და საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის შექმნა, ახალი ბაზრების ათვისება.

„შემდეგი ნაბიჯები საერთაშორისო ბაზრებზე „თეგეტას“ უფრო ფართოდ წარმოჩენაა. დარწმუნებული ვარ, ჰოლდინგი დიდ სიტყვას იტყვის რეგიონის მასშტაბით და სამაგალითო გახდება თავისი მოდელით, რომელიც ამ წლების განმავლობაში შექმნა და რომლის რეპლიკაციას ნებისმიერი ქვეყანა შეძლებს. „თეგეტას“ შეუძლია ცოდნის გაზიარება სხვადასხვა გზით და ის რეგიონში იქნება კომპანია, რომელიც ავტოინდუსტრიაში მაღალი სტანდარტის საზომია. „თეგეტასთან“ ინსტიტუციური პარტნიორობა ყველა ჩვენი სტეიკჰოლდერისთვის წარმატების მომტანი იქნება, ხოლო თითოეული თეგეტელისთვის კი საამაყო იქნება „თეგეტას“ წარმატების ისტორია, რომლის დაწერაში მონაწილეობა თავად აქვთ მიღებული და მეც ამ ისტორიის წერას მათთან ერთად გავაგრძელებ“,ეკატერინე ქავთარაძე.

შეუძლებელია, კომპანიას ჰქონდეს ლიდერის სტატუსი, თუ მას მძაფრად არ აქვს გააზრებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. ამ კუთხით ახალი აღმასრულებელი ოფიცერი ჰოლდინგის CSR სტრატეგიის რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ საერთაშორისო სტანდარტის დოკუმენტი კომპანიის ბიზნესამოცანებთან სრულ თანხვედრაშია. მათ შორის არის თანამშრომლების კეთილდღეობა და აქტიური ზრუნვა გარემოზე.

ამასთანავე, თანამოქალაქეებზე ზრუნვის კონტექსტში განიხილავს და პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებას აანონსებს ჰოლდინგის ხელმძღვანელი „თეგეტა აკადემიაზე“ საუბრისას.

თავდაპირველად არაფორმალური განათლებისთვის შექმნილი ერთგვარი სასწავლო ცენტრი, რომელიც კომპანიის საჭიროებებს ფარავდა, დღეს უკვე საავტომობილო სფეროში პროფესიული განათლების ცენტრად იქცა. ამისათვის „თეგეტა აკადემიამ“ გრძელი გზა გაიარა, აიღო აკრედიტაცია. ამ მიმართულებას „თეგეტა“ უყურებს არა როგორც ბიზნესს, არამედ როგორც პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის საშუალებას, რაც, საბოლოოდ, ქვეყანაში მეტ დასაქმებულს ნიშნავს. „თეგეტა“, ერთი მხრივ, არის ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორი ქართულ ეკონომიკაში და ამავე დროს დიდი კონტრიბუტორია საქართველოს შრომით ბაზარზე“, ამბობს ეკატერინე ქავთარაძე.

პასუხისმგებლობა არაერთხელ ახსენა თავისი არგუმენტაციით. ამბობს, რომ სხვაგვარად ვერ გაუძღვება კომპანიას, რომელსაც 30-წლიანი ისტორია აქვს და ზუსტად იმდენი წლის არის, რამდენისაც საქართველოს დამოუკიდებლობა.

„ერთია, როდესაც კომპანიას უყურებ, როგორც აღმასრულებელი ოფიცერი და მეორეა, როდესაც აცნობიერებ, რომ ეს კომპანია არის საქართველოს იდენტობის ნაწილი, რომელმაც ქვეყანასთან ერთად გაიარა გრძელი და რთული გზა. დღეს კი თავისი მულტიფუნქციურობითა და ეკოსისტემის მრავალფეროვნებით, ისეთი სერვისის მიწოდების ჰაბია, როგორიც დასავლურ ქვეყნებშიც კი იშვიათია“,ეკატერინე ქავთარაძე.

საუბარი გუნდით დაიწყო და პირველი ვრცელი ინტერვიუ „თეგეტას“ აღმასრულებელი ოფიცრის რანგში თანამშრომლებითვე დაასრულა.

„აღმაფრთოვანებელია ის ჟინი, რომელიც აქ მომუშავე ადამიანებს აქვთ. ამავე დროს ეს ძალიან გადამდებია. ვიქნები ის ლიდერი, რომელიც მხოლოდ იმაზე იფიქრებს, როგორ მისცეს ფართო გზა მათ მონდომებასა და ენერგიას. იმის იმედს, რომ ერთად წინ და წინ წავალთ, სწორედ ის ადამიანები მაძლევენ, რომლებსაც უყვართ „თეგეტა“ და თითოეული მომხმარებელი და საოცარი გულით, პროფესიონალიზმით და ერთგულებით უდგებიან თითოეულ საქმეს“.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g