მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტში განცხადება შეიტანა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.
მაჩალიკაშვილმა, განცხადება 150-ივე დეპუტატის სახელზე შეიტანა და თქვა, რომ იმედი აქვს გამოჩნდებიან დეპუტატები, “ვისაც გულის სიღრმეში ადამიანური გრძნობები ექნებათ”.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მას ხელისუფლების მიმართ ნულოვანი მოლოდინი აქვს.
“ერთი წელია გამწარებული ვითხოვ შეკითხვაზე პასუხს, რატომ მოკალით, მძინარე მოკალით თუ ეღვიძა. ერთი წელია “სირაქლემას პოზიციაში” არიან, პასუხს არ მაძლევენ. იცით, რატომ? იმიტომ რომ არ აქვთ პასუხი. დღესაც ვერ იპოვეს ადამიანი, ვინც თემირლანზე უარყოფითს იტყოდა და ადგნენ და ტერორისტად გამოაცხადეს,” – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.