LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემქაზე ახალი პარკის გაშენებისთვის მზადება დაწყებულია – როდის დასრულდება სამუშაოები

320

ნაძალადევის რაიონში, თემქის ხევის ტერიტორიაზე, ახალი საქალაქო პარკი გაშენდება. ამჟამად, რეკრეაციული ზონის მოწყობასთან დაკავშირებით წინასაპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ასევე, ტერიტორიის გეოდეზიურ კვლევას მოიცავს. კვლევის საფუძველზე ცნობილი გახდება, შესაძლებელია თუ არა საქალაქო პარკის ტერიტორიაზე მდინარის მონაკვეთის გახსნა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე იმყოფებოდა. მერის მოადგილის განცხადებით, მასშტაბური რეკრეაციული ზონა თემქის ხევში 10 ჰა მეტ ფართობზე მოეწყობა.

„თემქის მოსახლეობას და ზოგადად, თბილისს რამდენიმე წელიწადში ახალი საქალაქო პარკი ექნება, რომელიც გენერალური გეგმით არის განსაზღვრული. უკვე დავიწყეთ ჰიდროლოგიურ-კვლევითი სამუშაო, რომელიც მდინარის გახსნის პოტენციალს სწავლობს და ასევე, გაწმენდითი სამუშაოები. შვიდ ჰექტარზე მეტი ტერიტორიის გაწმენდა მოხდება იმ მცენარეებისგან, რომელიც საპროექტო და კვლევით სამუშაოებს ხელს უშლის. ვფიქრობთ, ფართომასშტაბიან სამუშაოებს 12-13 თვეში დავიწყებთ, როდესაც ახალი საქალაქო პარკის სრული დიზაინი გვექნება. ვფიქრობთ, პარკს აქვს პოტენციალი, რომ ხევძმარის ხევი გაიხსნას და უნიკალური რეკრეაციული სივრცე შეიქმნას, სადაც დასვენება ყველას ერთად შეგვეძლება. ეს იქნება ახალი განძი თბილისისთვის, ისეთივე, როგორიცაა ვაკის, ვერის, მთაწმინდის პარკი და ასე შემდეგ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

დასუფთავების სამუშაოები ბუჩქნარის გაკაფვასა და მიმდებარე ტერიტორიიდან გატანას ითვალისწინებს. ამ დროისთვის, თემქის ხევი ორი მეტრი სიმაღლის ლელქაშითაა დაფარული და ტოპოგეოდეზიური დაგეგმვის ჩატარება შეუძლებელია.

ადგილზე ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი,  პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g