აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეს განცხადებით ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვით, ნატო-ს ქვეყნები მხარს უჭერენ იმას, რამაც არსებობა საბოლოოდ შეწყვიტა, როგორც პოლიტიკურმა და სამართლებრივმა რეალობამ, 2008 წელს თბილისის რეჟიმის კრიმინალური ქმედებების შედეგად, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა.
„ნატო-ს სამიტის დასკვნითი განცხადება ტრადიციულად მოუწოდებს რუსეთს „გაიყვანოს ჯარი საქართველოდან,“ უარი თქვას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და შეასრულოს მითიური „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.“
ამ მოთხოვნების აბსურდულობა აშკარაა ნებისმიერი საღად მოაზროვნე დამკვირვებლისთვის, რომელიც 2008 წლის აგვისტოს განვითარებულ მოვლენებს იცნობს და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას,“ – აღნიშნულია აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.
მათივე მტკიცებით, აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარების პოლიტიკური და სამართლებრივი აქტი საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს სრულად შეესაბამებოდა და სხვა სახელმწიფოებისგან დამოწმებას არ საჭიროებდა.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მოსკოვისა და სოხუმის მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებები საერთაშორისო სამართლის ნორმებს ასევე არ ეწინააღმდეგება.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ მიმართ მხარდაჭერის გამოხატვით, ნატო-ს ქვეყნები მხარს უჭერენ იმას, რამაც საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა, როგორც პოლიტიკურმა და სამართლებრივმა რეალობამ, 2008 წელს თბილისის რეჟიმის კრიმინალური ქმედებების შედეგად, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების მტკიცებით, ნატო-ს ამ ნაბიჯმა შეიძლება სერიოზულად გააუარესოს უსაფრთხოების მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში და საბოლოოდ შეარყიოს მონაწილეებისა და საერთაშორისო შუამავლების მუშაობა, რომელიც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ორმხრივად მისაღები შედეგის მიღწევისკენაა მიმართული.