ამერიკულმა კომპანია Tesla-მ კანადაში ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილების გაყიდვა დაიწყო. ახალი სქემის შედეგად Tesla-ს ზოგიერთი მოდელი კანადელებისთვის თითქმის ორჯერ იაფი გახდა.
ცვლილება შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც წელს კანადამ და ჩინეთმა ელექტრომობილებთან დაკავშირებული სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, კანადას ჩინეთიდან 49 ათასამდე ელექტრომობილის იმპორტი შეუძლია მნიშვნელოვნად შემცირებული საბაჟო გადასახადით.
თუ ადრე ჩინურ ელექტრომობილებზე 100%-იანი ტარიფი მოქმედებდა, ახლა გადასახადი მხოლოდ 6.1%-ს შეადგენს.
Tesla გახდა პირველი მსხვილი ავტომწარმოებელი, რომელმაც ამ შესაძლებლობით ისარგებლა და კანადაში ჩინეთში აწყობილი ავტომობილების გაყიდვა დაიწყო.

კომპანიამ უკვე გამოაცხადა ახალი ფასებიც. საბაზისო Tesla Model 3 Premium RWD კანადაში დაახლოებით 29 ათას დოლარად გაიყიდება, მაშინ როცა აშშ-ში ანალოგიური ამერიკული ვერსიის ფასი დაახლოებით 37 ათასი დოლარია – გადასახადებისა და დილერამდე ტრანსპორტირების გარეშე.
ფასების შემცირება მხოლოდ ჩინური წარმოებით არ აიხსნება. ადრე კანადაში ძირითადად Tesla Model 3 Long Range AWD იყიდებოდა, რომლის ღირებულება დაახლოებით 58.7 ათასი დოლარი იყო.
ამგვარად, ახალი საბაზისო მოდელის დამატებამ და ჩინური წარმოების გამოყენებამ Tesla-ს ელექტრომობილები კანადაში პრაქტიკულად ორჯერ უფრო ხელმისაწვდომი გახადა.