LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ საჭისა და პედლების გარეშე Cybercab-ის საგზაო ტესტირება დაიწყო

107
ქირიას NEWS შაბლონი (2)

Tesla-მ ტეხასის ქალაქ ოსტინის საჯარო გზებზე Cybercab-ის – სრულიად ავტონომიური ელექტრომობილის საგზაო გამოცდები დაიწყო. კომპანიამ ტესტირების დაწყება სოციალურ ქსელებში თავად დაადასტურა და შესაბამისი ფოტოც გაავრცელა.

Cybercab-ს საჭე და პედლები საერთოდ არ აქვს. Tesla მას ავტონომიური მართვის მე-4 დონის ავტომობილად მიიჩნევს, რაც ნიშნავს, რომ განსაზღვრულ პირობებში მანქანას ადამიანის ჩარევის გარეშე გადაადგილება შეუძლია.

ტესტირების მიზანია დადგინდეს, რამდენად ეფექტურად უმკლავდება Cybercab რეალურ საგზაო სიტუაციებს და რამდენად დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ავტომობილში ამჟამად უსაფრთხოების ოპერატორი იმყოფება, თუმცა უცნობია, შეუძლია თუ არა მას მართვაში ჩარევა.

ტესტების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე Tesla-მ ადგილობრივი საგანგებო სამსახურებისთვის სპეციალური ინსტრუქციებიც გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია, როგორ უნდა იმოქმედონ ავარიის ან სხვა საგანგებო შემთხვევის დროს, თუ მასში Cybercab იქნება ჩართული.

Cybercab მომავალში Tesla-ს უპილოტო ტაქსის ქსელის მთავარი ავტომობილი უნდა გახდეს. ამასთან, კომპანია გეგმავს მისი კერძო მომხმარებლებისთვისაც შეთავაზებას.

ელექტრომობილმა უკვე გაიარა აშშ-ის ეროვნული მარეგულირებლის სერტიფიცირების პროცესი. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ Cybercab აღჭურვილი იქნება 222 ცხენისძალიანი ელექტროძრავით და 48 კვტ⋅სთ მოცულობის ბატარეით. ზოგიერთი შეფასებით, მისი სავალი მარაგი 600 კილომეტრს გადააჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები