საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში გავრცელებულია მაღალი დონის კორუფცია – კორუფციის ისეთი შემთხვევები, სადაც მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებენ. ამავე დროს, ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად აწყდება წვრილმან კორუფციას.
წვრილმანი კორუფცია: კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს ჰქონია ბოლო 12 თვის განმავლობაში ისეთი შემთხვევა, როდესაც მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს.
საზოგადოებრივი აზრის სატელეფონო გამოკითხვა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) 2021 წლის 9-დან 18 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 228 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.67% პუნქტია.
კორუფციის კომპლექსური ფორმები: კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება. ამასთან, მხოლოდ 18% ფიქრობს, რომ ასეთი დარღვევები გავრცელებული არ არის. 25% თავს იკავებს პასუხისგან.
გამოკითხულთა უმრავლესობა (51%) ასევე ფიქრობს, რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში. ამასთან, მხოლოდ 12% ფიქრობს, რომ ასეთი დარღვევების გავრცელებული არ არის. გამოკითხულთა მესამედზე მეტი (37%) თავს იკავებს პასუხისგან.
რეაგირება კორუფციის შემთხვევებზე: გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება. ამასთან, მხოლოდ 17% ფიქრობს, რომ გამოძიება სათანადოდ ხდება. გამოკითხულთა მესამედზე მეტი (37%) თავს იკავებს პასუხისგან.
გამოკითხულთა 34% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, ხელს აფარებს კორუფციაში ჩართულ პირებს, ხოლო 19% ფიქრობს, რომ მთავრობა, როგორც წესი, ამხელს ასეთ პირებს. ამასთან, გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი (47%) თავს იკავებს ცალსახა პასუხისგან.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2021 წლის 9-დან 18 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,228 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.67% პუნქტია.
ორგანიზაციის ცნობით, საზოგადოებრივი აზრის მსგავსი გამოკითხვები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით ყოველ წელს ტარდება, რაც შედარების საშუალებას იძლევა. თუმცა, იმის გამო, რომ წლევანდელი გამოკითხვა არა პირისპირ, არამედ ტელეფონის საშუალებით ჩატარდა, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია 2021 წლის შედეგების შედარება გასული წლების შედეგებთან.
მაგალითისთვის, წლევანდელი სატელეფონო გამოკითხვით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი „არ ვიცი/უარი“ პასუხის წილი ყველა დასმულ კითხვაში, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ადამიანები ერიდებიან საკუთარი აზრის პირდაპირ დაფიქსირებას ტელეფონის საშუალებით.